“ილია II-ის კურთხევით, 23 მაისს ვზეიმობთ აფხაზეთობას” – საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

“ა.წ. 23 მაისს, პარასკევს, აღინიშნება  წმ.ანდრია პირველწოდებულის თანმხლების წმ. მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენება, რომლის ნეშტიც აფხაზეთში, სოფელ კომანში განისვებებს. ამიტომაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით, ეს დღე გამოცხადდა აფხაზეთის დღედაც და ვზეიმობთ აფხაზეთობას”, – ამის შესახებ ინფორმაციას, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“ამასთან დაკავშირებით, ხვალ საზეიმო წირვა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწყება 10:00 საათზე, მწირველი მღვდელმთავარი,- მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).

12:00 საათზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს და პარაკლისს მშვიდობისა და ერთობისათვის გადაიხდის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). ამასთან, დაილოცება ჩვენი დევნილი მოსახლეობა.

19:00 საათზე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, წმინდა სვიმონ კანანელის სახ.მშენებარე ტაძრის მიმდებარედ, მთავრობის ორგანიზებით და საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით გაიმართება საზეიმო ღონისძიებები: მოეწყობა მხატვრების ნამუშევრების გამოფენა და ფოტოგამოფენა, ჩატარდება კალიგრაფიის მასტერკლასი, ნაჩვენები იქნება მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი და წარმოდგენილი იქნება გალა-კონცერტი საგალობლებითა და ხალხური სიმღერებით.

წმინდა სვიმონ კანანელის მეოხებით უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ინებოს საქართველოს მშვიდობა, ერთობა, მთლიანობა და კეთილდღეობა”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები