„ნაცმოძრაობის“ მიერ დაზარალებული ალექსანდრე მეგუთნიშვილი: ჩემი ძმა მიიყვანეს „კუდ-ის“ შენობაში, [დავით] ლორთქიფანიძემ და [ზურაბ] ლალიაშვილმა განუცხადეს, ახლა წახვალ დიღომში, ტოიოტას ცენტრში 8 „პრადოს“ იყიდი შავებს, აქ ეზოში გაგვიჩერებთ და შენი ძმა იქედან გამოვა ცოცხალი, თუ არა და „ტრუპს“ გამოიტანთო
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის მიერ საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ალექსანდრე მეგუთნიშვილმა ისაუბრა.
ალექსანდრე მეგუთნიშვილის თქმით, მისი ძმა „კუდი-ის“ შენობაში მიიყვანეს, სადაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით ლორთქიფანიძემ და მისმა უფროსმა ზურაბ ლალიაშვილმა განუცხადეს, რომ ტოიოტას ცენტრში 8 „პრადო“ უნდა ეყიდა და ეზოში დაეყენებინა მათთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ალექსანდრე მეგუთნიშვილი ციხიდან ცოცხალი ვერ გავიდოდა.
„კარცერში, ფუქსებში და კარანტინში გავატარე სადღაც თვეზე მეტი. ამ პერიოდში ჩემი ძმა მიიყვანეს „კუდ-ის“ შენობაში. [დავით] ლორთქიფანიძემ გამოგზავნა ორი ადამიანი ჩასვეს მანქანაში წაიყვანეს შეიყვანეს [ზურაბ] ლალიაშვილის კაბინეტში. მეორე სართულზე ლორთქიფანიძე- ლალიაშვილი არიან, ლალიაშვილს პოზა აქვს – ზის ფეხები უდევს მაგიდაზე, ჩემთანაც აქვს გაკეთებული, გვერდით იარაღი უდევს, ვერცხლისფერი ბერეტა შლის, აწყობს.
ჩემს ძმას უთხრეს, რომ ჩვენ ახლა აზრი არ აქვს რამეზე დავილაპარაკოთო. თბილისში ხომ იცი დიღომიო, კიო ამან უთხრა, როგორ არ ვიციო. ახლა წახვალ შენ დიღომში, იქ არის ტოიოტას ცენტრი, 8 „პრადოს“ იყიდი შავებსო, მათი ტერმინოლოგიით „ნავაროტკიანი“ უნდა ყოფილიყო რვავე, აი აქ ეზოში გაგვიჩერებთ და შენი ძმა იქიდან გამოვა ცოცხალი, თუ არა და „ტრუპს“ გამოიტანთო. 4 წელს მაგ საქმეზე მივცემთ, ორ წელს დავუმატებთ ციხეშივეო და იქიდან „ტრუპი“ გამოვა სხვანაირად ვერ გამოიტანთო. ნახევარ მილიონ დოლარზე იყო საუბარი 8 მანქანა რომ გვეყიდა. შეიძლება ამდენი ფული არ გქონდეთ, მაგრამ მიწა გექნებათ გაყიდეთო, დაგეხმარონ მეგობრები, მეზობლები, ძმაკაცებიო. უთხრა ახლა შენ ადექი წადი ფული გაქვს საშოვნელიო და თუ შენ გგონია, რომ აქედან გახვალ და ან პროკურატურაში წახვალ ან პოლიციაშიო, ეგ ჩვენ დავიჭირეთ ჩვენი პატიმარია და ჩვენ გვაქვს მისი განკარგვის უფლებაო. ჩემმა ძმამ უთხრა, რომ ფიზიკურად ვერ შეძლებდა ამ 8 „პრადოს“ ყიდვას. ზუსტად ერთ კვირაში ლორთქიფანიძე თვითონ ჩავიდა წინანდალში, ჩასვა ჩემი ძმა მანქანაში და უთხრა, რა ქენი ფული იშოვეო, ამან უთხრა ვერ ვიშოვე და ვერც ვიშოვიო. კაი, კაი გადადი მანქანიდან და ჩვენ მივხედავთო, მე არაფერი ვიცოდი, არც ადვოკატი შემოდიოდა“,- განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.