“ნაცმოძრაობის” რეჟიმის დაზარალებული ალექსანდრე მეგუთნიშვილი: კახეთის კუდ-ის უფროსის მოადგილემ, დათო ლორთქიფანიძემ თქვა, „ვინც ორ საათში 10 ათას დოლარს არ მოიტანს, გავაცამტვერებთო – მივიტანე 2 ათასი დოლარი და შენ რა, მასხრად გვიგდებო? ხომ იცი, რომ აქ შემოსვლა არის ადვილი, მაგრამ გასვლა ძნელიო

„ კახეთის კუდ-ის უფროსი ზურაბ ლალიაშვილი იყო, ხოლო მოადგილე დათო ლორთქიფანიძე (გია ლორთქიფანიძის ძმა). დილით დამირეკა ვინმე ზაზა უზუნაშვილმა, ეს იყო თელავი-ახმეტა კუდ-ის უფროსი, ასე იწოდებოდა მაშინ და მითხრა, რომ 12 საათზე უნდა მივსულიყავი კუდ-ის შენობაში. მე კითხვა დავსვი, „რასთან დაკავშირებით“ და პასუხი იყო, რომ მოხვალ და აქ გაიგებო. 12 საათისთვის მივედი კახეთის კუდ-ში, თელავში, ჩემ გარდა 7—8 ადამიანი იყო მოსული. ტელეფონები დაგვატოვებინეს, აგვიყვანეს მეორე სართულზე დათო ლორთქიფანიძის კაბინეტში და პიროვნებამ დაიწყო, რომ „ვინც ორ საათში 10 ათას დოლარს არ მოიტანს, დედას ამას ვუზამთ, მე იმის ოჯახს ამას ვუზამ, მუშაობის საშუალებას არ მივცემთ, გავაცამტვერებთო“. ორ საათში ყველას უნდა მიგვეტანა 10-10 ათასი დოლარი, რომელიც ვითომ ე.წ. აფხაზეთის რადიოსთვის უნდოდათ. ეს თქვა დათო ლორთქიფანიძემ“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაზარალებულმა, ალექსანდრე მეგუთნიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„იქ, ერთ-ერთმა პიროვნებამ შეკითხვა დასვა, მე სუფთა ბუღალტერია მაქვსო და ის ისეთ დღეში გაატარეს, რომ შეკითხვას ვინღა დასვამდა. ყველა ჩუმად ადგა და გამოვიდა. მე დავრჩი. მე ამათ ვიცნობდი. ყველანი რთველში მონაწილეობდნენ, გუბერნიიდან დაწყებული კუდ-ით დამთავრებული. 2010 წლამდე კახეთში რთველს ატარებდა კუდ-ი. მათი დაარსებულია ტერმინი ფაშისტი. ფაშისტი ნიშნავდა იმას, რომ ვისაც 10 ჰექტარზე მეტი ჰქონდა ვენახი, იმას არ აკრეფინებდნენ, ზედ ულპობდნენ ვენახს.
მე დათო ლორთქიფანიძეს ვუთხარი, რომ მე დღეს, გარკვეულ ნაწილს მოვიტან, მაგრამ 10 ათას დოლარს ვერ მოვიტან იმიტომ, რომ დამფუძნებელი ვინც არის, ფიზიკურად აქ არ არის და ხვალ იქნება ქვეყანაში და რასაც სხვა საწარმო გადაიხდის ჩვენც იმას გადავიხდით, ზეგ მოვალ და მოვიტან დანარჩენსაც. ხმა არ გაუცია. მე ჩავთვალე რომ ვთქვი, გამოვბრუნდი და წამოვედი. ზუსტად ორ საათში მირეკავს ისევ ის უზუნაშვილი და მეუბნება, რომ მოდი და ფული მოიტანეო. კი – მე ვუთხარი, გზაში ვარ, მოვალ და მოვიტან ფულს. მივედი, შევედი პირველ სართულზე, დაცვამ შემიყვანა მის კაბინეტში, ამოვიღე ფული, დავდე 2 ათასი დოლარი. ამან გამოწია, ჩააგდო უჯრაში, ჩახედა და ეს რა არისო. მე ვუთხარი, 2 ათასი დოლარია, მე დათოსაც ვუთხარი მეთქი, რომ მე ვერ მოვიტან დღეს სრულ თანხას. შენ რა, მასხრად გვიგდებო? მე ვუთხარი, არა, ხვალ ჩემი მეგობარი ჩამოვა და რასაც სხვა საწარმო გადაიხდის, იმას გადავიხდით ჩვენ. ეს ის პერიოდია, როცა თელავში კუდ-ს 5-6 პიროვნება დაკავებული ჰყავს. მე ვუთხარი, პრობლემა არ არის დანარჩენსაც მოვიტან. შენ ხომ იციო, რომ აქ შემოსვლა არის ადვილი, მაგრამ გასვლა ძალიან ძნელი. კაი, მე ვუთხარი, პატარა ბიჭი ხომ არ ვარ, რას მემუქრები. მოპარული, წართმეული მე არ მაქვს, ოფლით მოვიტანეთ დღემდე, ვწვალობთ, ვშრომობთ. კარგი, კარგიო, დავამთავროთ საუბარიო, ჩვენ ვიცითო. ავდექი, გამოვედი, დამუქრებით გამომიშვა, წამოვედი“-განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები