„დღეს არ მაქვს განცხადება, რას ვგეგმავთ, ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება“ – მარკო რუბიომ საქართველოსთან დაკავშირებით ჯო უილსონის კითხვას უპასუხა

დღეს არ მაქვს განცხადება, რას ვგეგმავთ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება, – ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ დასმულ კითხვას.

ჯო უილსონი დაინტერესდა, რის გაკეთებას აპირებს სახელმწიფო დეპარტამენტი „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით.

„ტრამპის ადმინისტრაციის მადლობელი ვარ მტკიცე პოზიციის გამო, რომელიც აქვს ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მთავრობის მიმართ. მათ გააყალბეს არჩევნები საქართველოში. ისინი ლანძღავდნენ პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკის ხელმძღვანელობას. წარმოგიდგენთ რონდელის ფონდის ანგარიშს, რომელიც მიუთითებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლზე საქართველოში. 200 დღეა, თავისუფლების მოყვარე ქართველები ყოველდღე გმირულად გამოდიან ქუჩაში, უჭირავთ ამერიკის დროშები, თან ატარებენ პრეზიდენტის ფოტოებს. თქვენი ხელმძღვანელობით, რა იქნება გაკეთებული, რათა სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილი ფასი გადაახდევინოს ანტიამერიკულ „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის სახელით?“ – მიმართა უილსონმა რუბიოს.

კონგრესმენის საპასუხოდ მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ის მიზანი ეროვნული ინტერესებია.

„აშშ-ის მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესებია. არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს. ეს საკითხი განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს, დამატებით ვარიანტებს. დღეს არ მაქვს განცხადება, რას ვგეგმავთ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება. ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება ანტიამერიკულ მთავრობას რეაგირება“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები