არჩილ გორდულაძე – ვისაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა, პატრონების დავალებებით და მითითებით ყველაფერს აკეთებენ, მათ შორის რადიკალიზაციაზე, ძალადობაზე მიდიან
„ვისაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა, პატრონების დავალებებით და მითითებით ყველაფერს აკეთებენ, მათ შორის რადიკალიზაციაზე, ძალადობაზე მიდიან,”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში არსებობენ ინსტიტუციები, რომლებიც ძალადობის პრევენციას ახდენენ.
„ვისაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა, პატრონების დავალებებით და მითითებით ყველაფერს აკეთებენ, მათ შორის რადიკალიზაციაზე, ძალადობაზე მიდიან. ასეთ აქციებს სხვა ადამიანებს შეატოვებენ ხოლმე და შემდეგ ივიწყებენ. ეს ყველაფერი ყველამ ვიცით. არ დაგვვიწყებია ლორა თორნტონის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ მისთვის გასაკვირია, აქციებს მსხვერპლი როგორ არ მოჰყვა. ეს ადამიანები პოლიტიკურ წარმატებას მხოლოდ რადიკალიზმში ხედავენ. გედი ფოფხაძე იქამდეც კი მივიდა, რომ მსხვერპლსაც ითხოვდა. კომიკურია, რომ ამ განცხადებას გედი გააკეთებს, მაგრამ ეს არის ერთგვარი წამოცდენის და შემზადების მცდელობა, რომ საქართველოში მსხვერპლი იყოს, რასაც გამოიყენებენ, როგორც ეს 2014 წელს უკრაინაში რევოლუციის მოსაწყობად გამოიყენეს.
ლორა თორნტონსაც უკვირდა, მსხვერპლი რატომ არ იყო, რადგან ეს „კარგი საშუალება“ იქნებოდა, თავიანთი აგენტურა ხელისუფლებაში მოეყვანათ. ეს ადამიანები კარგად დაფიქრდნენ, რას ამბობენ – მათ განცხადებებში ძალადობა და კანონდარღვევა ხომ არ არის? როგორც ვიცი, გედი იურისტია და კარგად უნდა ჰქონდეს წაკითხული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და სისხლის სამართლის კოდექსი. შესაბამისად, მას ვურჩევ, თავის განცხადებებში ფრთხილად იყოს, შემთხვევით დანაშაულის ჩადენა არ გამოუვიდეს. დანარჩენებს, ვისაც არეულობის სურვილი აქვს, შევახსენებ, რომ ქვეყანაში არსებობს ინსტიტუციები, რომლებიც ძალადობის პრევენციას ახდენენ“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ რადიკალიზაციის და პიკეტირების მომხრეა. „სხვას ვერ მოვუწოდებთ, მსხვერპლად იქცეს, მაგრამ, ვისაც მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ბედი წყდება, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“.