საქართველოს ელჩებმა საბერძნეთში, ურუგვაისა და თურქეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძე, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკონომიკის დარგში, ათანასიოს ხაძივასილიუს შეხვდა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველო-საბერძნეთის ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, იმსჯელეს მიმდინარე წელს საქართველოში ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვაზე და საქმიანი შეხვედრების ხელშეწყობაზე კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გასააქტიურებლად.

,,საუბრისას განსაკუთრებით აღინიშნა თანამშრომლობისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობა განახლებადი ენერგიის, ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში.
მინისტრის მოადგილემ დაადასტურა საბერძნეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ.
თავის მხრივ, ელჩმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია კვლავ რჩება საქართველოს მთავარ პრიორიტეტად და აქტიურად გრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით გასატარებელი რეკომენდაციების შესასრულებლად.
ამასთან, ელჩმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში საქართველოს სატრანზიტო, ენერგეტიკულ და სტრატეგიული პარტნიორობის როლზე და ქვეყნის მნიშვნელობაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების პროცესში.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ურუგვაიში, გვარამ ხანდამიშვილი (რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესი) ქ.მონტევიდეოს ეწვია და შეხვედრა გამართა ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ვალერია კსუკასისთან.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების პერსპექტივები.
საუბარი შეეხო საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. შეხვედრაზე, ურუგვაულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ასევე, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ, შეხვედრა გამართა ქ. სტამბოლის გუბერნატორთან, დავუთ გულთან. შეხვედრაზე, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე, აგრეთვე, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების უაღრესად დადებით დინამიკაზე. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო კოორდინაციაზე”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები