კახა კალაძე ოპოზიციაზე: როგორ შეიძლება პოლიტიკურ პარტიას, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, არჩევნებში გამარჯვების რაიმე შანსი ჰქონდეს
თბილისის მერმა, მედიასთან მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხზე ისაუბრა.
კახა კალაძის განმარტებით, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ოპოზიცია არჩევნებში მარცხისთვისაა განწირული.
„არ აქვს მნიშვნელობა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, რას უბრძანებენ, როგორ უნდა მოიქცნენ, ისინი მარცხისთვის არიან განწირულები, არანაირი შანსი არ აქვთ. როგორ შეიძლება, პოლიტიკურ პარტიას, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება არჩევნებში გამარჯვების რაიმე შანსი ჰქონდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, მმართველ გუნდს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს.
„მზადება დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, ცხადია, არსებობს გამოწვევები. შესაბამისად, ყველა რეგიონში, მუნიციპალიტეტში, დედაქალაქში მოსახლეობას უნდა შევხვდეთ და ვუთხრათ, რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.