ირაკლი კობახიძე – ალბანეთში, მრგვალი მაგიდის ფორმატში ვისაუბრე უსამართლო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ და თავი არ აუწევია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რადგან არ სიამოვნებდა ფაქტებზე საუბარი, პასუხები არ აქვთ
კანდიდატის სტატუსს და მოლაპარაკებების გახსნას იყენებდნენ იმისათვის, რომ დავეშანტაჟებინეთ და საქართველოში გაეხსნათ მეორე ფრონტი, როდესაც ფაქტებით ვესაუბრებით ადამიანებს საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე, პასუხი არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში „დიფ სთეითი” ევროპული ბიუროკრატიის ხელით რევოლუციის მოწყობას ცდილობდა.
„ალბანეთში გვქონდა გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც, დაახლოებით, ჩემი სიტყვის მესამედი დავუთმე იმას, თუ რამდენად უსამართლოა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, თავი არ აუწევია, მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რადგან არ სიამოვნებდა იმ ფაქტებზე საუბარი, რაც პირდაპირ მეტყველებს უსამართლო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ. როდესაც პირისპირ ვესაუბრებით ადამიანებს და ფაქტებით ვუდასტურებთ იმ უსამართლობას, რომელსაც სჩადიან საქართველოს მიმართ, პასუხი არ არსებობს ამაზე, არავითარი პასუხი კითხვაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ. ვისმენთ მხოლოდ ზედაპირულ, უარგუმენტო განცხადებებს. ჩვენ გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე და მოლაპარაკებების გახსნაზე, ამას აკეთებდნენ 3 წლის განმავლობაში. რევოლუციას გვიწყობდა საქართველოში „დიფ სთეითი” ევროპული ბიუროკრატიის ხელით. ვინც რევოლუციას გვიწყობდა, იმას არავითარი ლეგიტიმური უფლება არ აქვს, რომ რაიმე მოგვთხოვოს ჩვენ, პირდაპირ გვიწყობდნენ რევოლუციას, ევროპული ბიუროკრატია პირდაპირ იყო ამაში ჩართული. მათ შორის, ისინი, ვინც მაგალითად თავს იკავებდა მოლოცვებისგან, ისინი ხომ პირდაპირ ახალისებდნენ რევოლუციას საქართველოში, სხვა მიზანი არ ჰქონდა ამ ყველაფერს. ამიტომ კეთილი ინებონ და საკუთარ გულში ჩაიხედონ, საკუთარ უსამართლობას მიხედონ და მერე დაგველაპარაკონ. დაგველაპარაკონ არგუმენტებით, თუ რატომ აწვალეს სამი წელი ქართველი ხალხი, რატომ გვეუბნებოდნენ უარს ჯერ კანდიდატის სტატუსზე და შემდეგ მოლაპარაკების გახსნაზე. ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ „დიფ სთეითი” ევროპული ბიუროკრატიის ხელით გვეტყოდა უარს კანდიდატის სტატუსზე, რათა შანტაჟისთვის გამოეყენებინათ საქართველოს წინააღმდეგ ეს ყველაფერი, ის იყო მთავარი მიზეზი იმისა, რატომაც გვქონდა 2 დღის განმავლობაში მსჯელობა ამაზე. მაშინ იყო პირდაპირი მოთხოვნა, რომ საქართველოს გაეხსნა მეორე ფრონტი. რაც გავთვალეთ, ის მოხდა – კანდიდატის სტატუსს და მოლაპარაკებების გახსნას იყენებდნენ იმისათვის, რომ დავეშანტაჟებინეთ და საქართველოში გაეხსნათ მეორე ფრონტი,”- განაცხადა პრემიერმა.