დავით ქართველიშვილი: მთელმა რიგმა ევროპულმა სახელმწიფოებმა მნიშვნელოვნად გადახედეს თავიანთ დამოკიდებულებას უკრაინელი მიგრანტების მიმართ
„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ევროპული სახელმწიფოების ნაწილის მიერ უკრაინელი მიგრანტების მიმართ შეცვლილი პოლიტიკის შესახებ წერს.
დავით ქართველიშვილი ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით აჩვენებს, რომ უკრაინელი მიგრანტების მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად იცვლება.
„უკრაინელი ლტოლვილებისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული 10 მილიონი დოლარის დახმარების ფონზე, რის სანაცვლოდაც “მადლიერების” ნიშნად ამაგრებდნენ ანტისახელისუფლებო აქციებს, მთელმა რიგმა ევროპულმა სახელმწიფოებმა მნიშვნელოვნად გადახედეს თავიანთ დამოკიდებულებას უკრაინელი მიგრანტების მიმართ.
კერძოდ: ირლანდიაში დახმარება მნიშვნელოვნად შემცირდა: 2024 წლის პირველი სექტემბრიდან სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილ უკრაინელ ლტოლვილებს სოციალური დახმარება შეუმცირდათ – მოზრდილებისთვის 232 ევროდან 38,80 ევრომდე, ხოლო ბავშვებისთვის დაახლოებით 30 ევრომდე კვირაში. შემცირდა დროებითი საცხოვრებლის ვადაც: ახალჩამოსული ლტოლვილებისთვის საცხოვრებელი მხოლოდ 90 დღით გამოიყოფა, რის შემდეგაც მათ უნდა მოძებნონ ალტერნატიული ბინა, ან მოითხოვონ სხვა სახის დახმარება. შესაბამისად, ლტოლვილების მიმღები ოჯახებისთვისაც შემცირდა სუბსიდირებული წახალისება: 2025 წლის მარტიდან, თვეში 800 ევროს ნაცვლად, 600 ევრო გახდა;
გერმანიამაც შეცვალა დახმარებისადმი მიდგომა: 2025 წლის პირველი აპრილიდან, უკრაინელი ლტოლვილები, რომლებიც ამ თარიღის შემდეგ ჩავიდნენ ქვეყანაში, აღარ იღებენ Bürgergeld-ს (563 ევრო), არამედ, სხვა თავშესაფრის მაძიებლებისთვის გათვალისწინებულ შეზღუდულ დახმარებას – დაახლოებით 460 ევროს, ზოგჯერ ვაუჩერების სახითაც კი, სჯერდებიან;
გადაიხედა ჯანმრთელობისა და საცხოვრებლის “პაკეტებიც”: ახალ ჩამოსულებს სახელმწიფო ცენტრებში ათავსებენ და მათ მხოლოდ საბაზისო სამედიცინო მომსახურება ეძლევათ. დაწესდა სანქციები ინტეგრაციაზე უარის შემთხვევაშიც: ვინც უარს ამბობს სამსახურზე, ან ინტეგრაციის კურსებზე, შეიძლება დაეკარგოს დახმარების 10%, 20%, ან 30%, განმეორებით დარღვევებზე;
პოლონეთმა 2024 წლის პირველი ივლისიდან გააუქმა 300 ზლოტის ოდენობის ერთჯერადი დახმარება; ასევე, ყოველდღიური, 40 ზლოტის კომპენსაცია მასპინძლებისთვის და ცალკე, ბავშვებისთვის განკუთვნილი 800 და 300 ზლოტის დახმარებები, თუ ისინი სკოლაში არ დადიოდნენ. შეიცვალა საცხოვრებლის თანადაფინანსებაც: ვინც 120 დღეზე მეტს ცხოვრობს საერთო საცხოვრებლებში, ვალდებულია გადაიხადოს დღიური ხარჯის 50%, ხოლო 180 დღის შემდეგ – 75%;
ნორვეგიამ გააუქმა ბავშვებზე განკუთვნილი დახმარება. ასევე, შემცირდა წყვილებზე გასაცემი დახმარება – უშვილო წყვილებისთვის პროგრამით გათვალისწინებული დახმარება დაახლოებით 6000 ნორვეგიული კრონით (516 ევრო) შემცირდა. ასევე, გამკაცრდა ცხოვრების პირობები – ვინც საცხოვრებლად სახელმწიფოს ცენტრებში არ რჩება, მათ ფინანსური დახმარება აღარ ეძლევათ. ასევე, ამ ცენტრებში იკრძალება ცხოველებთან ერთად ცხოვრება;
სლოვაკეთმა კი შეამცირა საცხოვრებლის კომპენსაცია: 2024 წლის მარტიდან, საცხოვრებლის მიმწოდებლებს ერთი დღის განთავსებაზე ეძლევათ მხოლოდ 5 ევრო – ბავშვისა და მოზრდილის შემთხვევაში ერთნაირად. ადრე მოზრდილებზე 10 ევრო იყო, ხოლო ბავშვებზე – 5 ევრო…”, – წერს დავით ქართველიშვილი.