ლევან მაჭავარიანი გირაოს გადახდასთან დაკავშირებით ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ვიღაცას შეიძლება ციხეში წასვლა სპეციალურად, თავისი გააზრებული ნაბიჯებით აწყობდეს, რომ შემდეგ ამით აიცილოს რაღაც დისკომფორტი, რომელიც მის პარტიას ექნება არჩევნებში მიღებული ხმებით
„ვიღაცას შეიძლება ციხეში წასვლა აწყობდეს, ვიღაცას უნდა, რომ გმირად შეირაცხოს, რომ აი, მე ციხეში წავედი ამ ბროლიძის გამო და ა.შ. მათი გადასაწყვეტია. ყველამ პატივი უნდა სცეს კანონს,“ -ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას, რომელიც გირაოს გადახდას უკავშირდება.
მისივე თქმით, ოპოზიციის ცალკეულ წევრებს გირაოს გადახდა/არ გადახდის საკითხში საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვთ.
„ბატონი ხაზარაძე, ბატონი ჯაფარიძე კომფორტს უფრო რთულად ელევიან. შეიძლება ბატონი გვარამია, რომელსაც ციხე „ქართული ოცნების“ პირობებში გამოვლილი აქვს და შოკირებული იყო იმდენად კარგ პირობებში ვიცხოვრეო, რომ უფრო წავიდეს ამ ნაბიჯზე. ვის, როგორი დავალება აქვს მიღებული ესეც შევაფასოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ვიღაცას შეიძლება ციხეში წასვლა სპეციალურად, თავისი გააზრებული ნაბიჯებით აწყობდეს, რომ შემდეგ ამით აიცილოს რაღაც დისკომფორტი, რომელიც მის პარტიას ექნება არჩევნებში მიღებული ხმებით. ვიღაცას უნდა, რომ გმირად შეირაცხოს, რომ აი, მე ციხეში წავედი ამ ბროლიძის გამო და ა.შ. ეს მათი გადასაწყვეტია. ყველამ პატივი უნდა სცეს კანონს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირების მიზეზი ამჯერად საგამოძიებო კომისია და სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული გირაოს გადახდის საკითხია.