დავით ქართველიშვილი ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარზე: “აღარც ფიცი მწამს და აღარც ბოლო მაკვირვებს” ეს არის ჩემი კომენტარი ტრამპის კომენტარზე, ჩვენ არანაირი მოდუნების თუ ნდობის უფლება ჩვენზე გაცილებით უფრო ცბიერი და დაუნდობელი იმპერიალისტების მიმართ არ უნდა გვქონდეს

პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, დონალდ ტრამპსა და პუტინს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“გენიალური ამერიკული ფილმის “მარმოტის დღე” (“День сурка”) მახსენდება და მთავარი გმირის ცნობილი ფრაზა: “ეს ზამთარი იქნება ხანგრძლივი და არასდროს არ დასრულდება”- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ საქართველო არ უნდა ენდოს დიდ, ცბიერ სახელმწიფოებს.

“აღარც ფიცი მწამს და აღარც ბოლო მაკვირვებს” – ესაა ჩემი კომენტარი ტრამპის კომენტარზე, პუტინთან მისი ორსაათიანი საუბრის შინაარსზე კომენტირებისას. A plague o’ both your houses! – მენტოკისა (“დასავლეთი”) და კაპულეტის (“რუსეთი”) ოჯახების მიმართ გამოყენებული უილიამ შექსპირის ეს ფრაზა, სასიკვდილოდ დაჭრილი მერკუციოს (“უკრაინა”) მიერ თქმული, გახდა სიმბოლო იმ კონფლიქტების გაკიცხვისა, რომლებშიც უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან.

არაერთგზის უთქვამს თვით ტრამპს, რომ უკრაინის სასაკლაო იმის გამო გახდა შესაძლებელი, რომ აღმოსავლეთისკენ და რუსეთის საზღვრებისკენ სამხედრო საფრთხის არგაფართოების პირობა დაარღვია დასავლეთმა. ამასთან ლოგიკაში როგორ მოდის ფინეთის NATO-ში გაწევრიანება, თუ რუმინეთში ახალი კოლოსალური ავიაბაზის მშენებლობის დაწყება ულტრათანამედროვე B-52 ამერიკული ბომბდამშენებისთვის – ტრამპის ოპტიმიზმთან, რომ პუტინთან არაჩვეულებრივი საუბარი შედგა – ყოვლად გაუგებარია.

გენიალური ამერიკული ფილმის “მარმოტის დღე” (“День сурка”) მახსენდება და მთავარი გმირის ცნობილი ფრაზა: “ეს ზამთარი იქნება ხანგრძლივი და არასდროს არ დასრულდება” – ოღონდ ომთან მიმართებით. თუმცა, იმავე ფილმს თუ დავესესხები, ერთხელაც ის “მარმოტის დღეც” სრულდება და რა თქმა უნდა, ეს ომიც დასრულდება. უბრალოდ ჩვენ განსაკუთრებით, იმ ბედნიერ დღემდე არანაირი მოდუნების თუ ნდობის უფლება ჩვენზე გაცილებით უფრო ცბიერი და დაუნდობელი იმპერიალისტების მიმართ არ უნდა გვქონდეს,”- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები