თორნიკე ჭეიშვილი: ოპოზიციის სახით საქმე გვაქვს უპრინციპო, არათანამიმდევრულ პოლიტიკურ დაჯგუფებასთან, არსებობს ეჭვი, რომ საბოლოო ჯამში, ისევ ერთმანეთთან ჭიდილისა და კონკურენციის გამო, ჩაერთვებიან წინასაარჩევნო პროცესში
არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ საბოლოო ჯამში, ისევ და ისევ ერთმანეთთან ჭიდილისა და კონკურენციის გამო, ოთხივე რადიკალური ოპოზიციის დაჯგუფება, მათი პარტიები ჩაერთვებიან წინასაარჩევნო პროცესში, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა, „ღამის კურიერში“ თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“, უარს აცხადებენ არჩევნებში მონაწილეობაზე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ისინი წინასაარჩევნო პროცესში ჩაერთვებიან.
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე გვაქვს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის სახით უაღრესად უპრინციპო, არათანამიმდევრულ პოლიტიკურ დაჯგუფებასთან, რომელსაც არაერთხელ საკუთარი სიტყვა და პირობა შეუცვლიათ და გადაუხვევიათ, რომელსაც აძლევდნენ საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ საბოლოო ჯამში, ისევ და ისევ ერთმანეთთან ჭიდილისა და კონკურენციის გამო, ოთხივე რადიკალური ოპოზიციის დაჯგუფება, მათი პარტიები, ჩაერთვებიან წინასაარჩევნო პროცესში. აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ისინი არც საკუთარ თავს ეკუთვნიან ბოლომდე და ელოდებიან საბოლოოდ რა დირექტივა მოვა უცხოელი კურატორებისგან.
დღეს, ობიექტურად რომ ვთქვათ, რადიკალური ოპოზიცია არის ორ ცეცხლშუა. ერთი მხრივ, იციან, რომ მონაწილეობის შემთხვევაში, მათ გარანტირებული აქვთ სრული ფიასკო და ეს იქნება მათი მეათე, საიუბილეო მარცხი, და მეორე ალტერნატივაა, რომ მართლაც თქვან უარი მონაწილეობაზე, რითაც ფაქტობრივად, ხელს მოაწერენ პოლიტიკურ თვითლიკვიდაციას.
ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ მათ მიერ ხსენებულ ქუჩაშიც მაქსიმუმ 200 ადამიანის ამარაღა დარჩნენ და ეს უკვე ემსგავსება რაღაც ტრაგიკომედიას“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.