მეუფე შიო: თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა მიმდინარეობს, ჩვენ მეტად გვმართებს, რომ მოვუფრთხილდეთ ოჯახს

„თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა მიმდინარეობს, ჩვენ მეტად გვმართებს, რომ მოვუფრთხილდეთ ოჯახს, ოჯახის სიწმინდეს, ოჯახის ღირებულებებს და ვილოცოთ და ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ოჯახი გადარჩეს და გაძლიერდეს,“ – ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთის ეკლესიაში ქადაგების დროს განაცხადა.

მეუფე შიოს განმარტებით,  ოჯახში, ქორწინებაში ქმარი არის სახე ქრისტესი, ხოლო ცოლი ეკლესიის. მისივე თქმით, მეუღლეებს ეძლევათ ქორწინების, ჯვრისწერის დროს მადლი, რომ თავიანთი ერთობა წარმართონ სიყვარულით, იყვნენ „ერთ ხორც და ერთ სულ“.

„გილოცავთ, ოჯახის სიწმინდის დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. ჩვენ ამ დღეს, ყოველთვის განსაკუთრებით ვფიქრობთ ოჯახის ცნებაზე, მის მნიშვნელობაზე. ეს არის უდიდესი ფასეულობა და განძი, რომელიც ღმერთმა უბოძა კაცობრიობას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური დებულება ოჯახის შესახებ, რომ ის ევოლუციის შედეგად კი არ წარმოიშვა, რომ ცალ-ცალკე იყვნენ, ცხოვრობდნენ მამაკაცები და ქალები და ერთ მშვენიერ დღეს მოიფიქრეს, რომ დააწესონ ოჯახური ცხოვრების წესი – ასე არ იყო, არამედ თავიდანვე ღმერთმა შექმნა ადამიანი, როგორც ოჯახი.

ბიბლია გვაუწყებს ჩვენ, რომ უფალმა თქვა, არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა, გავუჩენ მას შემწეს მის შესაფერს და შეუქმნა ღმერთმა ადამს ცოლი, აკურთხა ისინი და თქვა, აღორძინდით და გამრავლდით და დაიმკვიდრეთ ქვეყანა. აი, ასე დადგინდა კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ეს განსაკუთრებული ცხოვრებისეული კავშირი – ოჯახი. ახალი აღთქმის პერიოდში, ქრისტეს ეკლესიაში ოჯახმა კიდევ უფრო აღმატებული მნიშვნელობა შეიძინა, მას მცირე ეკლესიასაც უწოდებენ ან სახლის ეკლესიას იმიტომ, რომ ეს არის ნაწილი და სახე დიდი მსოფლიო ეკლესიის. მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, ოჯახი უფალი ისეო ქრისტესა და ეკლესიის კავშირის სახედ მოიაზრება. წმინდა მოციქული პავლე წერს, რომ კაცია თავი ცოლისა, როგორც ქრისტეა თავი ეკლესიისა და შემდეგ დასძენს, ქმრებო გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა თავისი ეკლესია და თავი დასდო მისთვის. მაშასადამე, ოჯახში, ქორწინებაში ქმარი არის სახე ქრისტესი, ხოლო ცოლი ეკლესიის. მეუღლეებს ეძლევათ ქორწინების, ჯვრისწერის დროს ეს მადლი, რომ თავიანთი ერთობა წარმართონ სიყვარულით, იყონ ერთ ხორც და ერთ სულ. ამრიგად, ქორწინებაში ადამიანის პიროვნებაც მთლიანდება და ეს ერთობა მარადიულია, თუ არ დაარღვია ადამიანმა. მეუღლეებს ასევე ეძლევათ მადლი შვილიერების და რომ ქრისტიანულად აღზარდონ თავიანთი შვილები“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მისივე თქმით,  ოჯახი, გარდა იმისა, რომ ეკლესიის სახეა, სამრევლო თემის სახეც არის.

„აი, ამ მცირე ეკლესიაში ქმარი არის როგორც მღვდელი, ხოლო ცოლი და დედა, როგორც მისი თანაშემწე დიაკვნის მსახურებას განასახიერებს. შვილები კი არიან მათი სამწყსო, ის მრევლი, რომელიც მათ ღმერთთან უნდა მიიყვანონ. ეკლესიის მიზანი არის მისი წევრების გადარჩენა. ჩვენ ვიკრიბებით დედა ეკლესიაში, რომ სული გადავირჩინოთ და სხვებსაც დავეხმაროთ ამაში. ასევე, ოჯახშიც, მცირე ეკლესიაშიც ადამიანები იკრიბებიან, რომ უყვარდეთ ერთმანეთი და სული გადაირჩინონ. ეს არის სივრცე, ძვირფასი დებო და ძმებო, რომელზეც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი,რომ აი, ამ სულიერ სივრცეში მკვიდრობს უფალი. ეს არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით ურთიერთ სიმძიმის ტვირთით ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ. ამდენად, ვიმეორებ, რომ ეს არის უდიდესი განძი და ფასეულობა ღვთისმიერ ბოძებული, რომელიც ადამიანმა ერთხელ უნდა შექმნას და მთელი ცხოვრება თვალის ჩინივით უფრთხილდებოდეს, ამიტომ ამბობს, უფალი იესო ქრისტე, რომ „ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე ნუ განაშორებს კაცი“ . ამდენად, ჩვენ თანამედროვე ეპოქაში,როდესაც მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ, ჩვენ მეტად გვმართებს,რომ მოვუფრთხილდეთ ოჯახს, ოჯახის სიწმინდეს, ოჯახის ღირებულებებს და ვილოცოთ და ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ოჯახი გადარჩეს და გაძლიერდეს. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი დღევანდელი შეკრება და ლოცვითი მსვლელობა“, – განაცხადა ქადაგების დროს მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები