ამირან სალუქვაძე სტამბოლის შეხვედრაზე: ვფიქრობ, მაინც მნიშვნელოვანია, საწყის ეტაპზე, ტექნიკურმა ჯგუფმა მაქსიმალურად ნაყოფიერად იმუშაოს, რათა მომზადდეს როგორც უკრაინა-რუსეთის პირველი პირების შეხვედრა, ასევე ტრამპი-პუტინის შეხვედრა
,,ვფიქრობ, მაინც მნიშვნელოვანია, საწყის ეტაპზე, ტექნიკურმა ჯგუფმა მაქსიმალურად ნაყოფიერად იმუშაოს, რომ მომზადდეს როგორც უკრაინა-რუსეთის პირველი პირების, ასევე ტრამპი-პუტინის შეხვედრა”,- ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ სტამბულში მიმდინარე შეხვედრაზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.
მან უკრაინის ომის დასრულების პროცესში ამერიკის როლზე ისაუბრა.
„უკრაინა არის ბრძოლის ველი – ამას არც რუსეთი მალავს და ტრამპმა ეს კიდევ ერთხელ გაახმოვანა. მხოლოდ ტრამპმა არ გააკეთა ეს განცხადება – მარკო რუბიომ გაიმეორა მისი განცხადების შემდეგ, რომ შედეგები შეიძლება დადგეს მხოლოდ და მხოლოდ ტრამპი-პუტინს შეხვედრის შემდეგ. ე.ი. არის რაღაც სხვა საკითხები, არ მინდა ამას სავაჭრო საკითხები ვუწოდო იმ სიტუაციაში, როდესაც ყოველ დღე ასობით ადამიანი იღუპება და კიდევ უფრო მეტი სახიჩრდება; აღარ ვსაუბრობ სხვა ზარალზე – ვაჭრობაზე საუბარი ცოტა უხერხულია, მაგრამ ასე გამოდის. არის რაღაც საკითხები, მათ შორის უკრაინის საკითხიც, რომელიც უნდა გადაწყდეს რუსეთ-უკრაინას შორის.
გაკეთდა განცხადებები, რომ შესაძლოა, ეს შეხვედრა მალე მოხდეს. გასაგებია, რომ ტრამპმა დააანონსა, შეიძლება, ჩავიდე სტამბოლშიო, მაგრამ რუსეთმა ეს აღიქვა გარკვეულ ტრიუკად ტრამპის მხრიდან, რათა პუტინი როგორმე ჩასულიყო.
ვფიქრობ, მაინც მნიშვნელოვანია საწყის ეტაპზე ამ ტექნიკურმა ჯგუფმა მაქსიმალურად ნაყოფიერად იმუშაოს, რათა მომზადდეს როგორც უკრაინა-რუსეთის პირველი პირების, ასევე ტრამპი-პუტინის შეხვედრა. სერიოზული მომზადების გარეშე შეხვედრა-შეხვედრისთვის იქნება ის, რომ საომარი მოქმედებები კიდევ უფრო გაიწელება“, – აღნიშნა სალუქვაძემ.