რევაზ სოხაძე სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, სომხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩთან საქართველოში, აშოტ სმბატიანთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრის მხარეებმა აღნიშნეს ორ მეგობარ ქვეყანას შორის მრავალწლიანი და ისტორიულად არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა, მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები.
რევაზ სოხაძემ მადლობა გადაუხადა ელჩს აქტიური მხარდაჭერისა და ჩართულობისათვის. თავის მხრივ, აშოტ სმბატიანმა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა გააძლიერონ საერთო ინტერესების მქონე პროექტების განხორციელების არსებული კარგი გამოცდილება და ურთიერთობები.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და მინისტრის აპარატის უფროსი სოფიო მამალაძე ესწრებოდნენ.