ზახაროვა – ზელენსკიზე: ვინ იყენებს სიტყვა ბუტაფორიულს? ჯამბაზი, გაურკვეველი განათლების მქონე ადამიანი
ზელენსკი არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს უფლება, ასე ილაპარაკოს საკუთარი საქმის უმაღლესი დონის პროფესიონალებზე,- ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც სტამბოლში ჩასულ რუსულ დელეგაციას ბუტაფორიული უწოდა.
“გავიგე, რომ ზელენსკიმ ვლადიმერ მედინსკის ხელმძღვანელობით რუსეთის დელეგაციის დონეს, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის უფროსი, „ბუტაფორიული“ უწოდა.
ვინ იყენებს სიტყვა “ბუტაფორიულს”? ჯამბაზი, ხელმოცარული, საერთოდ გაურკვეველი განათლების მქონე ადამიანი.
ვინ არის ის? რის საფუძველზე შეუძლია ადამიანს, რომელიც ხელისუფლებაში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და უზარმაზარი კაპიტალდაბანდებების წყალობით მოვიდა, ეჭვი შეიტანოს ვინმეს პროფესიულ დონეში?”,- განაცხადა ზახაროვამ.