მაია ბითაძე: პიროვნულად ძალიან მწყინს, რომ უკვე პაველ ჰერჩინსკისგანაც ის ნარატივი გვესმის, რაც ევროკავშირის წინა ელჩისგან ისმოდა
პიროვნულად ძალიან მწყინს, რომ უკვე პაველ ჰერჩინსკისგანაც ის ნარატივი გვესმის, რაც ევროკავშირის წინა ელჩისგან ისმოდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაია ბითაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
„როდესაც ისინი გვესაუბრებიან იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ თურმე ადამიანის უფლებებს არღვევს, მაშინ მარტივად ახსნან, რით არის გამოწვეული ის საერთაშორისო მაჩვენებლები, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს, დემოკრატიის განვითარების, გამჭვირვალობის და სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით, ჩვენ ვართ ლიდერები; რით ხსნის ევროკავშირის ელჩი იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვიანობა არის სამჯერ შემცირებული, რით ხსნის იმას, რომ მოსახლეობის ნდობა სასამართლოს მიმართ არის გაათმაგებული?!“ – აღნიშნა ბითაძემ.
მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებები მისი წინამორბედის განცხადებებს დაემსგავსა, რაც საწყენია.
„პიროვნულად ძალიან მწყინს, რომ უკვე პაველ ჰერჩინსკისგანაც ის ნარატივი გვესმის, რაც ევროკავშირის წინა ელჩისგან ისმოდა. სამწუხაროდ, ევროკავშირი და მისი წარმომადგენლები (რა თქმა უნდა, ყველა არა) კიდევ ვერ მიხვდნენ, რომ ამ ძალადობრივი ენით და ფსიქოლოგიური ზეწოლით საქართველოს მოსახლეობაზე, მათ შორის, თანამდებობის პირებზე, ვერ მოახდენენ ზეგავლენას და პირიქით – უკურეაქციას იწვევენ საქართველოს მოქალაქეებში. როდესაც ისინი გვესაუბრებიან იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ თურმე ადამიანის უფლებებს არღვევს, მაშინ მარტივად ახსნან, რით არის გამოწვეული ის საერთაშორისო მაჩვენებლები, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს, დემოკრატიის განვითარების, გამჭვირვალობის და სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით, ჩვენ ვართ ლიდერები; რით ხსნის ევროკავშირის ელჩი იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვიანობა არის სამჯერ შემცირებული, რით ხსნის იმას, რომ მოსახლეობის ნდობა სასამართლოს მიმართ არის გაათმაგებული?!
ეს ის ნარატივია, რომელსაც, სამწუხაროდ, აჟღერებს ევროკავშირის ელჩო, სწორედ მას შემდეგ, რაც შარშან, ევროპის დღეებზე, სადაც საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით იყო წარმოდგენილი და შემდგომ, იყო საგარეო საქმეთა მინისტრთან მისი შეხვედრა და ფოტოების გასაჯაროება, რამხელა ბულინგს დაექვემდებარა თვითონ ევროკავშირის ელჩი. ეს კარგად გავიხსენოთ და შევაფასოთ მისი იმდროინდელი და ამდროინდელი განცხადებები.
რას გვიმტკიცებს ევროკავშირის ელჩი, რომ რისთვის დავისაჯეთ, – რომ გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ? ისეთი კანონი, რომელიც ევროკავშირში დაინიციირდა? იმისთვის ვისჯებით, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი მივიღეთ? თუ არ ვენდობით აშშ-ს, ავსტრალიას და ბევრ სხვა დემოკრატიულად წოდებულ სახელმწიფოს, რომელთაც ამგვარი კანონები აქვთ?! თუ რას გვედავებიან, როცა პარტიების აკრძალვაზეა საუბარი, როდესაც მიყოლებით ხდება, მათ შორის, საარჩევნო პროცესებში ღია ჩარევა ევროკავშირის ზოგიერთ სახელმწიფოში და პარტიების აკრძალვა გერმანიაშიც კი… აბსურდთან გვაქვს საქმე, არ ვიცი, როგორ დაიძვრენენ თავს, როდესაც ზომით მეორე პარტია რომელიც პარლამენტში მოხვდა, ლამისაა, ტერორისტულ, ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული, რომ არაფერი ვთქვათ უკრაინასა და მოლდოვაში მიმდინარე პროცესებზე, როგორც მედია კონტროლის, ასევე პოლიტიკური პარტიების აკრძალვის კუთხით“, – განაცხადა მაია ბითაძემ.