სტივ უიტკოფი და კიტ კელოგი სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს დაესწრებიან
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და კიტ კელოგი, უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში გაემგზავრებიან,- ამის შესახებ “როიტერი” საკითხთან დაკავშირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.
როგორც მედია იუწყება, ელჩები შეეცდებიან, აღადგინონ ტრამპის შეჩერებული მცდელობა კონფლიქტში მშვიდობის დამყარებისკენ, რომლის დასრულების პირობაც მან არაერთხელ დადო.
“აშშ-ის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ რუსეთი დათანხმდება 30-დღიან ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტას სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის საკითხებში”,- განაცხადა აშშ-ის მაღალჩინოსანმა და დასძინა, რომ კიევი ასეთი შეთანხმების დაცვას უკვე დათანხმდა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში 15 მაისს, რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შეთავაზებით გამოვიდა. აღნიშნულის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს პირადად დაელოდება.