ზელენსკი: კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან, უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის – ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადების მხარდაჭერას

კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ვაცნობე მას, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, რომელიც დღესვე დაიწყება. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადების მხარდაჭერას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პრეზიდენტ ტრამპს დაუდასტურა, რომ უკრაინა მზადაა ჩაერთოს მოლაპარაკებების ნებისმიერ ფორმატში.

„კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ჩვენს ერებს ევროპაში გამარჯვების დღე მივულოცეთ – ნაციზმზე გამარჯვება.

ჩვენ მივესალმეთ უკრაინის პარლამენტის მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაციას – ჭეშმარიტად ისტორიულ დოკუმენტს, რომელიც თანამშრომლობის მრავალ ახალ შესაძლებლობას ხსნის.

ჩვენ განვიხილეთ მშვიდობის მისაღწევად ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობა, მათ შორის, შესაძლო კონკრეტული ნაბიჯების ჩათვლით. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული ვითარებით და მე მოკლე მიმოხილვა გავაკეთე. ასევე ვაცნობე მას, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, რომელიც დღესვე დაიწყება. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადების მხარდაჭერას. ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა ჩაერთოს მოლაპარაკებების ნებისმიერ ფორმატში. მაგრამ ამისათვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა, რაც იწყება სრული უპირობო ცეცხლის შეწყვეტით.

პრეზიდენტმა ტრამპმა დაადასტურა, რომ მას სურს ამ ომის დასრულება, მზად არის დახმარებისთვის და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ჩვენ შევთანხმდით ჩვენს შემდგომ კონტაქტებზეც“, – წერს ზელენსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები