კახა კალაძე: ყოველწლიურად, 6-7%-ით იზრდება ავტომობილების იმპორტი – დღეის მდგომარეობით, დედაქალაქში პიკის საათში დაფიქსირებულია 670 ათასი ავტომობილი
სატრანსპორტო პოლიტიკა ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ძალიან იმატებს ავტომობილების რაოდენობა. ყოველწლიურად, 6-7 პროცენტით იზრდება ავტომობილების იმპორტი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, დედაქალაქში პიკის საათში დაფიქსირებულია 670 ათასი ავტომობილი.
„2012 წელს დაახლოებით 180 ათასი ავტომობილი გადაადგილდებოდა დედაქალაქში, დღეის მდგომარეობით პიკის საათში დაფიქსირებულია 670 ათასი ავტომობილი. ეს ძალიან დიდი ციფრია, რომელიც მზარდია. ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ავტომობილების რაოდენობა კიდევ გაიზრდება და თუ ჩვენ მომზადებული არ დავხვდით, თუ არ მოხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, თუ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი არ გახდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე და რთული სიტუაცია იქნება.
საუკეთესო მაგალითები და მიდგომები რაც აქვთ სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში ამ პრობლემების წინააღმდეგ, როგორიც არის საცობი, ავტომობილების რაოდენობა, ეტაპობრივად ჩვენც გადმოგვაქვს, ვაკეთებთ და ვახორციელებთ იგივე პროექტებს. ცხადია, არის ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება მტკივნეული იყოს, მაგრამ ამას ასე უცებ ვერ ვაკეთებთ, ამას გარკვეული დრო სჭირდება. კონკრეტული კვანძების მოწესრიგება პრიორიტეტულია. ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე უმძიმესი მდგომარეობა იყო, დღეს ყველანაირად მოწესრიგებულია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.