მებაჟე – ოფიცრებმა ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს
საბაჟო – გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ ტერიტორიაზე მებაჟე ოფიცრებმა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამოღებულია ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები: “ლირიკა” – 35 კაფსულა, “სტაუროდორმი” -30 აბი და “ნესტროლანი” -47 აბი. მათ მედიკამენტები რუსეთის მხრიდან შემოსული უკრაინის მოქალაქე მ.ა.-ის ხელბარგის დათვალიერებისას აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს. ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „სედალგინ ნეო“ – 8,5 აბი და მარიხუანა – 4 გრამი აღმოაჩნდა 9 ოქტომბერს სგპ „წითელი ხიდის“ აზერბაიჯანის მოქალაქე ა.უ.-ს. აღნიშნული საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს.