გიორხელიძის გატაცებაში ერთ-ერთ ბრალდებულს დაზარალებულის ოჯახი იცნობდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ბრალდების მხარე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. სასამართლომ ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა.
იოსებ გიორხელიძის გატაცების ფაქტზე დაკავებულმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ალექსანდრე ჭანტურიამ დანაშაული აღიარა. – ამის შესახებ ჭანტურიას ადვოკატმა ვლადიმერ კიკნაძემ განაცხადა.
პროკურატურის განმარტებით, ერთ-ერთ დაკავებულს ნაცნობობა აკავშირებდა დაზარალებულის ოჯახთან. დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 19 წლის იოსებ გიორხელიძე 10 ოქტომბერს გაიტაცეს. ძალოვანმა უწყებამ გატაცების ფატზე 4 პირი დააკავა: დურმიშხან ღვარჩლიანი, ჯემალ შონია, ალექსანდრე ჭანტურია და გიორგი ქალდანი. შს სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულებს შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების (კუდ-ი) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტების (სოდ-ი) ყოფილი თანამშრომლები არიან.