მარიამ ლაშხი: ევროკავშირის წევრობა თვითმიზანი არ არის, თვითმიზანია ეკონომიკურ-სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა, რომლის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა ევროკავშირის წევრობა
“ევროკავშირის წევრობა თვითმიზანი არ არის, თვითმიზანია ეკონომიკურ-სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა, რომლის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა ევროკავშირის წევრობა”, – ამის შესახებ „იმედი LIVE“-ს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე მარიამ ლაშხმა განუცხადა.
„ძირითადად ჩვენი მთავარი ამოსავალი არის ის, რომ ჩვენს თავთან და ჩვენს მოსახლეობასთან ვიყოთ მართლები. ზოგიერთებმა, უფრო მეტად ახალგაზრდებმა, ევროპა აიღეს ერთგვარ თვითმიზნად. ევროკავშირის წევრობა თვითმიზანი არ არის, თვითმიზანია ეკონომიკურ-სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა, რომლის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა ევროკავშირის წევრობა. მაშინ, როდესაც შენ ამ პრინციპებს იცავ და მოსახლეობის დაკვეთას ასრულებ, რეფორმებს ასრულებ, თუნდაც კრიტიკულ მომლაპარაკებლებთან ხელში გიჭირავს რეალური ფაქტები.
დღეს რასაც ვხედავთ, განწყობებზე დაფუძნებული პოლიტიკაა, თუმცა ფაქტები სულ სხვა რამეს ამბობს და ის, რომ ჩვენ უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმით, მათ შორის, ევროკავშირის ანგარიშებით, წინ ვართ, ეს ფაქტი არ შეესაბამება იმ რიტორიკას, რომელიც ხშირ შემთხვევაში გვხვდება“, – განაცხადა ლაშხმა.