ლევან დავითაშვილი – აშშ-ში ვიზიტზე: არ არსებობს კონკრეტული კითხვები ან პირობები ქართული ხელისუფლების მიმართ, არსებობს მხოლოდ პატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობის პერსპექტივები
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ აშშ-ში გამართული ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომ ახალ ადმინისტრაციასთან ბევრ საკითხთან დაკავშირებით სრულიად თანხვედრა არსებობს.
მისი თქმით, არ არსებობს კონკრეტული კითხვები ან პირობები ქართული ხელისუფლების მიმართ, არსებობს მხოლოდ პატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობის პერსპექტივები.
„აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია პატივს სცემს ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სუვერენულ უფლებებს და გადაწყვეტილებებს. ეს არის მკაფიო გზავნილი თეთრი სახლის და ახალი ადმინისტრაციის მხრიდან. მოლოდინები არის ის, რომ ჩვენ გვაქვს განწყობა თანამშრომლობის და შედეგებს ველოდებით, რომელიც უნდა იყოს კონკრეტულ, ხელშესახებზე დაფუძნებული. ეს არის ჩვენსა და ასევე ამერიკელების ინტერესში. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პროცესი არ არის ერთ დღეში რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მომტანი, ეს არის გრძელვადიანი პროცესი“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისივე შეფასებით, მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, მიმდინარე დიალოგი არის ძალიან პოზიტიური და ძალიან ბევრ საკითხში არის პოზიციების თანხვედრა ახალ ადმინისტრაციასთან.
„ჩვენ თანმიმდევრული პოლიტიკა გვაქვს, ჩვენ მკაფიოდ ვაფიქსირებთ თანამშრომლობის განწყობასა და ინტერესს აშშ-თან. ჩვენ გვინდა უფრო პროდუქტიული, ხელშესახები იყოს ეს თანამშრომლობა ამერიკასთან“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.