მედია: სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე შრომის დღის აღსანიშნავად გამართულ მარშზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე, შრომის დღის აღსანიშნავად გამართულ მარშზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„პროგრესული იურისტების ასოციაციის“ (ÇHD) სტამბოლის ფილიალმა, რომელმაც პირველი მაისის აღსანიშნავად კრიზისული ჯგუფი შექმნა, განაცხადა, რომ 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ცხრა ადვოკატი, რომელთაგან ზოგიერთი ორგანიზაციის წევრია.
ამასთან, დღესასწაულის წინ პოლიციამ 100-მდე ადამიანი დააკავა, რომლებიც, სავარაუდოდ, ტაქსიმის მოედანზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდნენ.
აღსანიშნავია, რომ სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ პირველი მაისის წინ ქალაქში საგანგებო ზომები შემოიღო და დილის 5 საათიდან შეზღუდვები დააწესა.