გამახარია სოხუმის აეროპორტზე – “სუფთა რუსული აეროპორტია, ნატოს, ევროპის წინააღმდეგ მიმართული, ევროკავშირი, ნატო უნდა ჩაერთონ, რათა აეროპორტის ექსპლოატაცია შეწყდეს”
“ეს არის სუფთა რუსული აეროპორტი და იმ ანექსიონისტური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, რასაც რუსეთი წლების განმავლობაში ახორციელებს”, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ ოკუპირებული სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც გამახარიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას აღნიშნა, არა მარტო საქართველო, არამედ ევროკავშირი, ნატო საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ჩაერთონ და ზომები მიიღონ იმისათვის, რათა სოხუმის აეროპორტის ექსპლოატაცია შეწყდეს.
“აეროპორტი არა მხოლოდ სამოქალაქო ავიაციისთვისაა განკუთვნილი, არამედ სამხედრო ბაზირებისთვისაცაა. ისმის კითხვა: სამხედრო ავიაცია, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე იქნება განლაგებული, ვის წინააღმდეგ არის მიმართული, მარტო საქართველოსი? რა თქმა უნდა, არა და რა თქმა უნდა ნატოს, ევროპის წინააღმდეგ. ამიტომ, ჩვენ ველოდებით, რომ ნატო, ევროკავშირი ამას კარგად გაიაზრებენ და შესაბამის განცხადებებს გააკეთებენ, რუსეთის წინააღმდეგ გარკვეულ ზეწოლას განახორციელებენ იმისათვის, რომ ამ აეროპორტის უკანონო ექსპლოატაცია შეწყდეს.
ახლა ამოქმედდა აეროპორტი, მაგრამ იქ აფხაზები მუშაობენ ? სად ჰყავთ მათ ამის სპეციალისტები? ამ აეროპორტს აფხაზები მართავენ? რა თქმა უნდა, არა. აფხაზები შეიძლება, იქ ბილეთის გამყიდველები იყვნენ ან დაცვაში მუშაობდნენ. ეს არის სუფთა რუსული აეროპორტი და იმ ანექსიონისტური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, რასაც რუსეთი წლების განმავლობაში ახორციელებს. ამიტომ, არა მარტო საქართველო, არამედ ევროპა, ევროკავშირი, ნატო საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ჩაერთონ და ზომები უნდა მიიღონ იმისათვის, რომ აეროპორტის ექსპლოატაცია შეწყდეს”, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენები მაისიდან დაიწყება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, სერგეი კირიენკომ განაცხადა.მისი თქმით, 1-ელი მაისიდან სოხუმის აეროპორტში სრულფასოვანი ავიამიმოსვლა ამოქმედდება.
შეგახსენებთ, მოსკოვიდან ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში, 1993 წლის შემდეგ პირველად, საცდელი რეისი ავიაკომპანია ЮВТ Аэро-ის მიერ 7 თებერვალს განხორციელდა, რაც საქართველოს საგარეო უწყებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო.