მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რამდენად ეფექტიანია ეს ორგანიზაცია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის პრინციპები, რა პრინციპებზეც დგას ორგანიზაცია
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რამდენად ეფექტიანია ეს ორგანიზაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის პრინციპები, რა პრინციპებზეც დგას ორგანიზაცია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან ეუთოს მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველო არის ეუთოს მონაწილე ქვეყანა, რომელსაც აქვს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული დღის წესრიგი ამ ორგანიზაციაში და ყველანაირი მცდელობა, რომ ეს ორგანიზაცია სხვა მიზნებისთვის იყოს გამოყენებული, რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი და ამაზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომაც გავაჟღერე მინისტერიალის ფარგლებში ის, რომ არ უნდა ხდებოდეს, საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება რაღაც კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მიზნებისთვის.
სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვნახეთ ევროსაბჭოს შემთხვევაში – იცით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ძალიან არასწორი რეზოლუცია მიიღო, რის გამოც საქართველოს დელეგაციამ დატოვა ევროსაბჭოს ასამბლეა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რამდენად ეფექტიანია ეს ორგანიზაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის პრინციპები, რა პრინციპებზეც დგას ორგანიზაცია და რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში, საჭიროა, რომ საქართველოს საკითხი იყოს ყოველთვის დღის წესრიგში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.