“ის ფაქტი, რომ იძულებით ქმნი “ოჯახს”, არ არის საკმარისი საზოგადოების “აღსაგზნებად” – კორძაია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებულ ფაქტებს გამოეხმაურა. თემასთან დაკავშირებით მოსაზრებას კორძაია სოციალურ ქსელში ავრცელებს. “ჩვენ არა გვყავს მალალა! რატომ? იქნებ იმიტომ, რომ ქალთა განათლების გამო არ გვესვრიან? მაგრამ მაინც და მაინც უნდა გვესროლონ? რამდენი არასრულწოვანი გოგო წყვეტს განათლებას იმიტომ, რომ “ოჯახს ქმნის”, “პატრონს ბარდება”? კარგი, ეს არ არის საკმარისი, რომ გახდე მალალა, რადგან მხოლოდ ის ფაქტი, რომ იძულებით ქმნი “ოჯახს”, არ არის საკმარისი საზოგადოების “აღსაგზნებად”.
რამდენი ქალი იცემება საქართველოში ქმრის, დედის, დედამთილის, მამამთილის, ნათესავის და ა.შ მიერ? რატომ არ ვაქცევთ ამას ყურადღებას? როგორც კი ქალზე ძალადობის ფაქტს გავიგებთ, იმ წუთში ვიწყებთ ფიქრს, რა გააკეთა ასეთი, სხვანაირად ვერ მოიქცეოდა? (გამოვუტყდეთ საკუთარ თავს მაინც, რომ ასე ვაზროვნებთ).
რატომ არ იღებენ ეს ქალები ხმას? იმიტომ, რომ მალალასავით საზღვრებს ვერ გადალახავენ, ჩვენ არ დავეხმარებით! ქალებს ჩვენი იმედი არა აქვთ!”- წერს თამარ კორძაია ფეისბუქზე.