კურსკის ოლქში სამხედროების გაგზავნისთვის, პუტინმა კიმ ჩენ ინს მადლობა გადაუხადა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს კურსკის ოლქში ტერიტორიების დაბრუნებაში დასახმარებლად ჩრდილოკორეელი სამხედროების გაგზავნისთვის მადლობა გადაუხადა,- ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის ლიდერმა ასევე მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ კორეის არმიის დანაყოფებს. მისი მტკიცებით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით მოქმედებდნენ.
“კორეელმა მეგობრებმა იმოქმედეს სოლიდარობის, სამართლიანობისა და ამხანაგობის გრძნობით. ჩვენ ამას მეტად ვაფასებთ და ღრმად მადლიერები ვართ პერსონალურად ამხანაგი კიმ ჩენ ინისა და ჩრდილოკორეელი ხალხის მიმართ. მათ აქტიური როლი ითამაშეს ბრძოლაში, რამაც გამოიწვია კიევის რეჟიმის ნეონაცისტური ფორმირებების დამარცხება, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ.
რუსი ხალხი არასდროს დაივიწყებს ჩრდილოეთ კორეის სპეციალური დანიშნულების რაზმების გმირობას. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის, კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მტკიცე კავშირი, რომელიც ბრძოლის ველზე განმტკიცდა, გააგრძელებს ზრდას და გაფართოებას ყველა ასპექტში”,- განაცხადა პუტინმა.