მსოფლიოს ლიდერები რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ
მსოფლიოს ლიდერები, რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ და განცხადებებს ავრცელებენ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი პაპის გარდაცვალებას სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა.
“დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ მისი უწმინდესობა, პაპი ფრანცისკე, გარდაიცვალა. როდესაც ცოტა ხნის წინ რომში შევხვდით, მადლობა გადავუხადე პაპ ფრანცისკეს მისი ძლიერი ლიდერობისთვის ყველაზე დაუცველი ადამიანებისა და ადამიანური ღირსების დაცვაში. ვუსამძიმრებ ყველა კათოლიკეს მსოფლიოში”,- წერს კალასი.
ასევე, რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.
„დღეს მსოფლიო პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობს. მან თავისი თავმდაბლობითა და უმანკო სიყვარულით მილიონობით ადამიანი შთააგონა, მათ შორის კათოლიკური ეკლესიის მიღმაც კი. ჩემი ფიქრები ყველასთანაა, ვინც ამ დიდ დანაკარგს განიცდის“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე სოციალურ ქსელში სამძიმარს გამოთქვამს.
“ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებას. მისი ერთგულება მშვიდობისა და თანაგრძნობის მიმართ მილიონობით ადამიანისთვის შთაგონების წყარო იყო. სამძიმარს ვუცხადებთ კათოლიკურ საზოგადოებას და ყველას, ვინც მისმა გარდაცვალებამ შეძრა”,- აღნიშნავს რუტე.
“ბუენოს აირესიდან -რომამდე, პაპ ფრანცისკეს სურდა, რომ ეკლესიას ყველაზე ღარიბებისთვის სიხარული და იმედი მოეტანა, რომ მას ადამიანები ერთმანეთთან და ბუნებასთან გაეერთიანებინა. დაე, ეს იმედი განუწყვეტლივ აღდგეს მის შემდეგაც”, – აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.
პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
პუტინმა შეაქო რომის აწ განსვენებული პაპის ძალისხმევა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და რომის კათოლიკე ეკლესიას შორის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში და განაცხადა, რომ სამარადჟამოდ შემოინახავს “ამ გამოჩენილ ადამიანზე ნათელ მოგონებებს”.
პაპის გარდაცვალების გამო ასევე მწუხარებას გამოთქვამს მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ.
“დღეს, აღდგომის მეორე დღეს, მსოფლიო შორდება თანაგრძნობისა და თანასწორობის დაუღალავ მაუწყებელს. რომის პაპმა ფრანცისკემ თავისი ცხოვრება კაცობრიობის ღირებულებებს, იმედსა და სოლიდარობას მიუძღვნა და მისი პირადი მაგალითით, მან მოახერხა ადამიანების დაახლოება, მიუხედავად რწმენისა, წარმომავლობისა თუ სტატუსისა. დაე ბევრის გულებში ანთებული სინათლე ცოცხალი დარჩეს და გაგვიძღვეს უკეთესი სამყაროსკენ” – წერს მაია სანდუ სოციალურ ქსელში.
”მისი ხელმძღვანელობა რთულ დროს მსოფლიოსა და ეკლესიისთვის იყო გაბედული, მაგრამ ყოველთვის მოდიოდა ღრმა თავმდაბლობის ადგილიდან”,- აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა კირ სტარმერმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოქვეყნებულ პოსტში თქვა , რომ ფრენსისმა „იცოდა, როგორ მიეცა სხვისთვის იმედი, შეემსუბუქებინა ტანჯვა ლოცვით და ხელი შეუწყო ერთიანობისთვის“.
“პაპი ფრანცისკე ყოველთვის დაამახსოვრდებათ, როგორც თანაგრძნობის, თავმდაბლობისა და სულიერი სიმამაცის შუქურა მთელ მსოფლიოში. მისი სიყვარული ინდოეთის ხალხისადმი ყოველთვის იქნება სანუკვარი,- განაცხადა ინდოეთის პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოდიმ X-ზე.