ბექა დავითულიანი – დოიაშვილის გათავისუფლებაზე: პროტესტის გამოხატვის უფლება გაქვს, მაგრამ ჩემი პროტესტი იქნება ის, რომ სახელმწიფომ, რისთვისაც დააფუძნა თეატრი ის არ მოხდეს თვეების მანძილზე, მაგრამ შენ ხელფასი მიხადე, არ არის ეს ნორმალური

როდესაც გამოხატავ პროტესტს, შენ რა თქმა უნდა ამის უფლება გაქვს. მაგრამ ჩემი პროტესტი იქნება ის, რომ სახელმწიფომ, რისთვისაც დააფუძნა თეატრი ის არ მოხდეს თვეების მანძილზე მაგრამ შენ ხელფასი მიხადე, ასე უბრალოდ ვერ იქნება, არ არის ეს ნორმალური, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ნოემბრიდან მოყოლებული „მუსკომედიის თეატრში“ სპექტაკლები აღარ იდგმებოდა, რაც დაუშვებელია.

ბექა დავითულიანის განცხადებით, კულტურის სამინისტროს მრავალჯერადი მიმართვის მიუხედავად, არაფერი შეცვლილა, რის გამოც უწყება იძულებული გახდა, რომ შესაბამისად ემოქმედა.

„მუსკომედიის თეატრი არის სახელმწიფო სსიპ-ი, რომელიც ისევე როგორც ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ანგარიშვალდებულია სახელმწიფოს წინაშე. მას სადამფუძნებლო დოკუმენტებით დავალებული აქვს კონკრეტული მიზნების აღსრულება. მათ შორის ზუსტად ისე, უწყვეტად ფუნქციონირება, როგორ უწყვეტადაც და შეუფერხებლადაც ხდება მისი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. უკანასკნელი თვეების მანძილზე ამ საკითხთან დაკავშირებით იყო არა ერთი წერილი, გაფრთხილება გაგზავნილი. სამწუხაროდ, შედეგი ამას არ მოჰყვა. სამინისტრო ვალდებულიც არის რეაგირება მოახდინოს, როდესაც კონკრეტული საჯარო სამართლის იურიდიული პირი მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს.

პირველ რიგში, ყველას რა თქმა უნდა მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელია თუ არა, აქვს თავისი პოლიტიკური შეხედულებები, რომელიც შეუძლია გამოხატოს არასამუშაო საათებში ან მინიმუმ გამოხატოს ისე, რომ ამით არ დაარღვიოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვალდებულებები. როდესაც გამოხატავ პროტესტს, შენ, რა თქმა უნდა, ამის უფლება გაქვს. მაგრამ ჩემი პროტესტი იქნება ის, რომ სახელმწიფომ, რისთვისაც დააფუძნა თეატრი ის არ მოხდეს თვეების მანძილზე მაგრამ შენ ხელფასი მიხადე, ასე უბრალოდ ვერ იქნება, არ არის ეს ნორმალური.

პოლიტიკური აქტივიზმი ამ სფეროში აქვს ძალიან ბევრ ადამიანს და არავის არ შეხებიან ამ ნაწილში. მეტსაც გეტყვით, რომ გასწორებულიყო ის პრობლემები მიმოწერის შედეგად, არც ამ ნაწილში არ მოუწევდა სამინისტროს რეაგირება. ნოემბრიდან მოყოლებული სპექტაკლი,რომ არ იდგმება და მილიონ ორასი ათასზე მეტს ამ დროს დაფინანსებას იღებ და არაფერს არ აკეთებ, რისთვისაც დაფინანსებას იღებ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რა უნდა ქნა?!“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები