კალასი ევროპელ ლიდერებს აფრთხილებს, არ დაესწრონ 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ ღონისძიებას
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, არ დაესწრონ მოსკოვში 9 მაისის სამხედრო ღონისძიებას და მოუწოდა მათ, სოლიდარობის ნიშნად უკრაინის გვერდით დადგნენ.
“9 მაისის აღლუმში ან მოსკოვში ღონისძიებებში ნებისმიერი სახით მონაწილეობის მიღებას ევროპული ქვეყნების მხრიდან სერიოზულად მოვეკიდებით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ევროპაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.
ევროკავშირს არ სურს, პუტინის მთავრობის მასპინძლობით გამართულ ღონისძიებებში იმ ქვეყნებმა მიიღონ მონაწილეობა, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ”,- განაცხადა კალასმა.
როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიისა და ასევე ევროკავშირის წევრი სლოვაკეთისა და EU-ს კანდიდატის სტატუსის მქონე სერბეთის ლიდერები ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვებიდან მე-80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მიიწვია.