სომხეთის პარლამენტის სპიკერი: ფაშინიანის მონაწილეობა მოსკოვის გამარჯვების აღლუმში ევროკავშირთან ურთიერთობებზე ვერ იმოქმედებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მოსალოდნელი მონაწილეობა მოსკოვის გამარჯვების აღლუმში ევროკავშირთან ურთიერთობებზე ვერ იმოქმედებს, – ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა.
ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, შეიძლება თუ არა ფაშინიანის ვიზიტმა მოსკოვში 9 მაისის გამარჯვების აღლუმზე, ევროკავშირის ნეგატიური რეაქცია გამოიწვიოს.
სიმონიანის თქმით, სომხეთის პოზიცია ამ ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ გამომდინარეობს იქიდან, რომ მეორე მსოფლიო ომში მიღწეული გამარჯვება სომეხი ხალხის გამარჯვებაცაა.
„9 მაისის გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაც არის. ამ გამარჯვებისთვის 300 ათასი სომეხი დაიღუპა, მრავალი სომეხი იბრძოდა წინააღმდეგობის მოძრაობის რიგებშიც. ეს ჩვენი სიამაყის დღეებიდან ერთ-ერთია და მე ვფიქრობ, რომ პრემიერის მონაწილეობა ვერანაირად ვერ იქნება დაკავშირებული ევროკავშირთან ან სხვა საკითხებთან“, – აღნიშნა ალენ სიმონიანმა.
მანვე დასძინა, რომ ევროკავშირის მრავალი ლიდერი იმყოფება მოსკოვში და ხვდება პრეზიდენტ პუტინს, სომხეთს აქვს თავისი პოზიცია, ხოლო ევროკავშირის ოფიციალურ პირებს – თავიანთი.
„სომხეთს აქვს თავისი პოზიცია სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებში, იქნება ეს ევროკავშირთან, რუსეთთან თუ სხვა მესამე ან მეოთხე ქვეყანასთან, და ამ პოზიციას ჩვენ ვიცავთ და ვავრცელებთ. შესაძლებელია, ეს რომელიმე ქვეყანას არ მოსწონს, ან შესაძლოა არ მოსწონდეს სხვა ქვეყნის სხვა ნაბიჯი, მაგრამ ბოდიშით, ჩვენ ჩვენი ინტერესები, ხედვა და გზა გვაქვს“, – განაცხადა სიმონიანმა.