„სურნელის სიყვარულმა მიმიყვანა სანთლის ხელოვნებამდე“ – ელზა ბეჟიაშვილის „მესაიდუმლე“ სანთლის თაიგულები

ცხოვრობ საგარეჯოში.  სანთლების დამზადება ინტერნეტში ნანახმა  ლამაზად გაფორმებულმა თაიგულებმა გადააწყვეტინა. „რადგან საკმაოდ კარგი ხედვა მაქვს, ვიფიქრე, რატომაც არა… ამ დღიდან დავიწყე  ამ ხელსაქმის შესწავლა“. – ელზა ბეჟიაშვილის პერსონა.
– ბავშვობიდან პროფესიად ჟურნალისტიკას მოვიაზრებდი, თუმცა, სამწუხაროდ, არ გამოვიდა. ხელოვნება ჰობი არასდროს ყოფილა, რადგან არ გამომდიოდა, არც ვცდილობდი, მესწავლა. ჩემს ოჯახში მამა და ჩემი და შეუდარებელ მხატვრებად შემიძლია მოვისაზრო.
–  რატომ  სანთლები?
– სანთლების დამზადება ერთ თვეში დავიწყე. ამ სურვილის ასრულებაში ჩემთვის ორმა საყვარელმა ადამიანმა უდიდესი როლი შეასრულა. მათ შთამაგონეს, რომ გამოვიდოდა. დიახ, ეს საქმე ძალიან კარგად გამომდის. ჩემს დამზადებულ სანთლებს ყოველთვის სასიამოვნო სურნელი აქვთ. სწორედ სურნელის სიყვარულმა მიმიყვანა სანთლის ხელოვნებამდე.
– პირველი ნამუშევრები…
– ვერ ვიტყვი, რომ ბევრი ვიწვალე. პირველი ნამუშევარი, ჩემდა გასაკვირად, იდეალური გამოვიდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დამავიწყდა სანთლისთვის ფითილის ჩაყოლება. ჩემი პირველი ნამუშევარი იყო პატარა ტორტი ლამაზი მარწყვებით.
–   მრავალფეროვანი სანთლები… ერთი  სანთლის ისტორია…
– ერთხელ უსაყვარლესი ქალბატონი დამიკავშირდა. მითხრა, რომ მისთვის ორი თაიგული უნდა დამემზადებინა. ეს ამ ბოლო ხანს მოხდა… მთხოვა, ყველა რესურსი გამომეყენებინა, რადგან შოვის ტრაგედიის დროს დაღუპული ადამიანისთვის უნდოდა. ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. ძალიან ბევრი ვინერვიულე, რა თქმა უნდა, შეკვეთა დამკვეთთან უნაკლო და მისი სურვილის შესაბამისი გამოვიდა.
–   შთაგონება და ფანტაზია?
– ჩემი შთაგონება ჩემი ვაჟია. ის და მე ერთად ვქმნით განსაკუთრებულს.
– ყველაზე მეტად რომელი სანთლები მოსწონს თქვენს მომხმარებელს?
– ყველაზე კარგად მომხმარებელმა სანთლის თაიგული აღიქვა. ისინი უამრავი იდეით არიან შეპყრობილი, თუ როგორი უნდა იყოს მათთვის დამზადებული თაიგული.
–  უმეტესად რომელი დღესასწაულებისთვის ამზადებთ სანთლებს?
– სანთლებს ყოველთვის ვამზადებ, თუმცა ყველაზე შრომატევადი მარტია, რადგან ყველას სურს, რომ 3 და 8 მარტს ულამაზესი ქალბატონების გული გაახაროს.
– აღდგომა მოდის…
– სააღდგომოდ მზადება უკვე დაწყებულია. ჩვენ – მეწარმეები ადრიანად ვიწყებთ დღესასწაულებისთვის მზადებას. აღდგომისთვის ყველაზე მეტად მოთხოვნად მოხატული კვერცხის სანთელს ვამზადებ, რომლებიც ჩემს გვერდზე ქვეყნდება ხოლმე Ellie’s candles ელის სანთლები
–  სანთელი წმინდაა… ის ჩვენს ცხოვრებას ალამაზებს…
– სანთელი ჩვენი მესაიდუმლეა ის ბევრ საიდუმლოს მალავს.
– ჰობი…
– სასიამოვნო მუსიკის მოსმენა და ამ ეტაპზე სანთლისგან მიღებული სიამოვნებაა.
– ოჯახი… წინ აღნიშნეთ, რომ შთაგონება თქვენი შვილია…
– მე და ჩემი გიორგი მამასთან და ძმასთან ერთად ვცხოვრობთ. დედა, სამწუხაროდ, ემიგრანტია, იტალიაში იმყოფება და, უფლის წყალობით, მალე ჩვენთან იქნება. მყავს და, რომელიც, ასევე, ხელოვანია. იგი ეპოქსიდზე, თაბაშირზე და ასევე თიხაზე უნაკლოდ მუშაობს.
– სამომავლო გეგმები…
– გაჩერებას არ ვაპირებ. სამომავლოდ უამრავი გეგმა მაქვს. მინდა ჩემი ხელსაქმე ბევრმა ადამიანმა იხილოს და ჩემი ბიჭი დედიკოთი უფრო მეტად ამაყი იყოს.

  

                                                                                         თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები