საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში ქართული დამწერლობის დარბაზი გაიხსნა
14 აპრილს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში ქართული დამწერლობის დარბაზი გაიხსნა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოწვეულ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ, დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ მაკა გურგენიძემ და სხვებმა.
ქართული დამწერლობის დარბაზის გახსნის ღონისძიება დედა ენის დღეს მიეძღვნა. ამ დღესთან დაკავშირებით დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცული „დედა ენის“ უნიკალური ეგზემპლარები (მათ შორის იაკობ გოგებაშვილის ხელით ჩასწორებული „დედა ენა“) გამოიფინა.
გამოფენის პარალელურად დარბაზში სამგანზომილებიან (3D) ფორმატში წარმოდგენილი იყო ქართული დამწერლობის განვითარების გზა – უძველესი დროიდან თანამედროვე ეპოქამდე ყურადღებას იპყრობდა დარბაზის დიზაინიც. ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებული სივრცის იატაკის მოზაიკა ქუთაისის ბაგრატის ტაძრის იატაკის მოზაიკას იმეორებს. დარბაზს ასევე აქვს მოჩუქურთმებული ხის კარი ვახტანგ VI-ისა და ანთიმოზ ივერიელის გამოსახულებებით.
ეროვნული ბიბლიოთეკის ამ ახალ სივრცეში სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები დაიგეგმება.
მის: ლ. გუდიაშვილის ქ. N5.