„წავიდა დიდი, ქარიზმატული და ლამაზი კაცი“ – ცნობილი პერუელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი – მარიო ვარგას ლიოსა გარდაიცვალა
ცნობილი პერუელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, მარიო ვარგას ლიოსა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მთარგმნელი და ფილოლოგი ლანა კალანდია ავრცელებს სოციალურ ქსელში.
„თანამედროვეობის ყველაზე დიდი მწერალი, მოაზროვნე და მწერალი მარიო ვარგას ლიოსა; ეს იყო ხანგრძლივი და შთამაგონებელი მოგზაურობა არეკიპაში დაბადებული პატარა პერუელი ბიჭისა, რომლის სიყვარულიც ლიტერატურის მიმართ სათავგადასავლო თხზულებების კითხვით დაიწყო და მისვე შექმნილი ლიტერატურული მემკვიდრეობის კანონიზაციით დასრულდა. „უკვდავთა აკადემიის“ წევრად არჩევამდე არ ვიცოდი, ჩემი შემოქმედება დროს თუ გაუძლებდაო, თქვა 2021 წელს ელ პაისისთვის მიცემულ ინტერვიუში.
დღეს გონების თვალი გავავლე ჩვენი პირადი შეხვედრების ისტორიებს, საუბარს, ემოციას და მივხვდი, რომ არც ერთი ცხოვრებისეული ფრაგმენტი არ აღემატება მის სტრიქონებთან გატარებულ დღეებს, ღამეებს, წუთებს… ეს გამოცდილებაა ჩემთვის ყველზე ძვირფასი, ხელშეუხებელი და ამაღელვებელი… და დღეს, მისი მიწიერი ცხოვრების დასასრულს მინდა, სწორედ ამ „მოცახცახე წამებს“ მივაგო პატივი… წავიდა დიდი, ქარიზმატული და ლამაზი კაცი… თითქმის საუკუნე მოიყარა მხრებზე, წავიდა და მშვიდად შეაბიჯა ლიტერატურის ისტორიის სანახებში…
მსუბუქი იყოს თქვენთვის მარადისობის „ვარდისფერი გზა” – წერს ლანა კალანდია.