სუდანმა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა – სერბეთმა სუდანის ქმედება დაგმო

სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო სუდანის გადაწყვეტილება, კოსოვოს ოფიციალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ.

“კოსოვოს აღიარება არის საერთაშორისო სამართლის, გაერო-ს წესდების და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოქმედი 1244 რეზოლუციის სერიოზული დარღვევა.

სუდანში არსებული პოლიტიკური ვითარება, რომელიც ხასიათდება გაურკვევლობითა და ლეგიტიმურობის ნაკლებობით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ასეთი საერთაშორისო გადაწყვეტილებების მართებულობას“,- აღნიშნა სამინისტრომ.

სერბეთმა ხაზგასმით განაცხადა, რომ კოსოვოს სტატუსი დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს და არა ცალმხრივი ქმედებებით.

შეგახსენებთ, კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა.

იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც არ ცნობენ კოსოვოს, არიან რუსეთი და ჩინეთი, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, ასევე ევროკავშირის ხუთი წევრი: საბერძნეთი, ესპანეთი, კვიპროსი, რუმინეთი და სლოვაკეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები