“პატიმარი” ანგელოზის ფრთებით და მითვისებული მილიონებით” – “იელთი ჯგუფის” მთავარი იურისტი გიორგი ჩიკვაიძის მიერ შიმშილობის შეწყვეტას ეხმაურება
“იელთი ჯგუფის” მთავარი იურისტი ვიტალი ხალვაში, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის მიერ შიმშილობის შეწყვეტას ეხმაურება.
როგორც ვიტალი ხალვაში აცხადებს, ადამიანი, რომელმაც მიითვისა 1,200,000 ლარი, ახლა მსხვერპლის როლს თამაშობს და ცდილობს, რომ მისი ბრალი მოჩვენებითი პოლიტიკური აქტივიზმით გადაფაროს.
“პატიმარი” ანგელოზის ფრთებით და მითვისებული მილიონებით. ბოლო დროს ძალიან ხშირად ვხედავთ, როგორ ცდილობენ ჩვეულებრივი დამნაშავეები საკუთარი თავი პოლიტიკურ მსხვერპლად წარმოაჩინონ. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ამჯერადაც. პირი, რომელიც დღეს საპატიმროში იმყოფება 1,200,000 ლარის მითვისების ბრალდებით, თავს “პოლიტიკურ პატიმრად” აცხადებს. საინტერესოა, როგორ უკავშირდება სხვისი ქონების მითვისება პოლიტიკურ შეხედულებებს? ფაქტები მარტივია:
უდავოა, რომ მან მიითვისა 1,200,000 ლარი;
არსებობს წერილობითი მტკიცებულებები;
არსებობს ფოტო, ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები; – – – მოწმეთა ჩვენებები;
პროცესები იმართება სრული სამართლებრივი პროცედურების დაცვით;
როდესაც დანაშაულის ჩამდენი პირი აცნობიერებს, რომ ვერ გაექცევა მართლმსაჯულებას, ის ხშირად ეძებს გზებს, რომ პასუხისმგებლობას თავი აარიდოს. “პოლიტიკური დევნის” ნარატივი კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია, რადგან ამით ცდილობს საზოგადოების თანაგრძნობა მოიპოვოს და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება მიიქციოს. საგულისხმოა, რომ ახლა ეს პირი შიმშილობას აცხადებს და ამით კიდევ უფრო ცდილობს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას. შიმშილობა, რომელიც ისტორიულად იყო პროტესტის მძლავრი და ღირსეული ფორმა რეალური პოლიტიკური პატიმრებისთვის, ამ შემთხვევაში გამოიყენება, როგორც პასუხისმგებლობის თავის არიდების კიდევ ერთი ხერხი.
ადამიანი, რომელმაც მიითვისა 1,200,000 ლარი, ახლა თამაშობს მსხვერპლის როლს და ცდილობს, რომ მისი ბრალი გადაფაროს მოჩვენებითი პოლიტიკური აქტივიზმით. მაგრამ რეალობა განსხვავებულია. დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები აქვს. მართლმსაჯულება არ უნდა იყოს სელექციური და არც პოლიტიკური მანიპულაციების საგანი. ამ პიროვნებას შეეძლო, ეღიარებინა დანაშაული და დაეწყო ზიანის ანაზღაურება. ნაცვლად ამისა, ის ცდილობს თავი წარმოაჩინოს როგორც სისტემის მსხვერპლი, მაშინ როდესაც რეალური მსხვერპლი მისი და მისნაირი ,,პარტნიორის” მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგად დაზარალებული მხარეა. არ უნდა ავყვეთ მანიპულაციებს, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ განასხვავოს რეალური პოლიტიკური დევნა კრიმინალური საქმეებისგან, სადაც მკაფიო მტკიცებულებები არსებობს. ფაქტები ღაღადებენ – 1,200,000 ლარი სხვისი კუთვნილი თანხა იქნა მითვისებული და ამას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან ან გამოხატვის თავისუფლებასთან. და ბოლოს: მედიის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში უმნიშვნელოვანესია, მაგრამ როდესაც ის კრიმინალს პოლიტიკურ აქტივისტად წარმოაჩენს, არღვევს ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებს და კარგავს საზოგადოების ნდობას. გირჩევთ, პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ფაქტების გადამოწმებას და არ გახდეთ თაღლითების პიარის ინსტრუმენტები”,- აცხადებს იურისტი.
ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მასთან ერთად ბრალდებულია მისი მეგობარი ირაკლი პაპიაშვილიც, თუმცა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 12 მარტს დაიწყო.
10 აპრილს კი ჩიკვაიძემ შიმშილობა შეწყვიტა. “ვითვალისწინებ ყველას თხოვნას და ზუსტად შვიდი დღით ვწყვეტ შიმშილობას 30-დღიანი შიმშილობის შემდეგ”, – ამის შესახებ გიორგი ჩიკვაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.