კალიებთან ბრძოლის რეგიონულ პროგრამაში, სადაც 10 ქვეყანაა ჩართული, საქართველომ საუკეთესო შედეგები აჩვენა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, კალიებთან ბრძოლის მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის გაგრძელების საკითხები განიხილა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროგრამის „კალიებთან ბრძოლის გაუმჯობესება კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეროვნულ და რეგიონულ დონეზე” განხორციელების შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა FAO-ს გაწეული ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის.

„პროგრამამ შესაძლებელი გახადა სასაზღვრო რეგიონებში კალიების გავრცელების კუთხით არსებული სიტუაციების ერთობლივი შეფასება, რაც დაეხმარა მავნებლების მიერ გამოწვეული რისკების შემცირებას და ექსპერტთა რეგიონალური ქსელის ჩამოყალიბებას. პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა მაღალი გამავლობის ტექნიკა, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით FAO-ს. ასევე, დაინერგა კალიებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები, რაც გულისხმობს ქიმიური პრეპარატების მცირე მოცულობით გამოყენებას; გამოიცადა მაღალტექნოლოგიური, მათ შორის ბიოლოგიური პრეპარატები, რომლებიც უსაფრთხოა დაცული ტერიტორიებისა და წყალსატევების სიახლოვეს გამოსაყენებლად და გარემოზე მინიმალურ ზეგავლენას ახდენს“, – აღნიშნა კახა კაკაბაძემ.

FAO-ს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ჩართულობა რეგიონულ პროგრამაში და აღნიშნეს, რომ საქართველომ საუკეთესო შედეგი აჩვენა.

„საქართველო იყო პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე და არაერთი ინიციატივა სწორედ მისი ჩართულობით დაიწყო. პროგრამაში ჩართულ 10 ქვეყანას შორის საქართველომ საუკეთესო შედეგები აჩვენა და ის სხვა მონაწილეებისთვის სამაგალითო ქვეყნად იქცა. ახლა ჩვენს გვსურს არა მხოლოდ შევაჯამოთ პროგრამის მიღწევები, არამედ დავგეგმოთ მომავალი. დაისახა კალიებთან ბრძოლის სამი ძირითადი მიმართულება – რეგიონული თანამშრომლობის გაგრძელება, მონიტორინგისა და ადრეული შეტყობინების სისტემების გაუმჯობესება და თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ბიოლოგიური პესტიციდების გამოყენება“, – განაცხადა მარიონ შირისმა, FAO-ს მემცენარეობის და მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის კალიების პროგრამის სპეციალისტმა.

პროგრამა „კალიებთან ბრძოლის გაუმჯობესება კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეროვნულ და რეგიონულ დონეზე” საქართველოში 2011 წლიდან ხორციელდება. მისი მთავარი მიზანია რეგიონში კალიების მასობრივი გავრცელების პრევენცია და სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე მავნებლების მიერ მიყენებული ზიანის მინიმიზაცია.

შეხვედრას ესწრებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები