მერცი მოუწოდებს ევროკავშირს მოემზადოს ფინანსური კრიზისისთვის
გერმანიის მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ გლობალური ეკონომიკა შესაძლოა ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკის გამო. მისი აზრით, ევროკავშირის ქვეყნები უკვე უნდა მოემზადონ შესაძლო პრობლემებისთვის. ამის შესახებ მერცმა Handelsblatt-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამავდროულად, მერცი მხარს უჭერს შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადებას.
„დიახ, მე ახალი ტრანსატლანტიკური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმედი მაქვს. ნულოვანი ტარიფები ყველაფერზე. ეს ორივე მხარისთვის უკეთესი იქნება”, – თქვა მან.
ამავდროულად, მომავალ კანცლერს მიაჩნია, რომ ევროკავშირს მოუწევს ფოკუსირება მესამე ქვეყნების ბაზრებზე, თუ ვაშინგტონს გლობალური ვაჭრობიდან მთლიანად გასვლა სურს.
„პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკა ზრდის რისკს, რომ მომავალი ფინანსური კრიზისი მოსალოდნელზე ადრე მოხდეს. ჩვენ ევროპელებმა უნდა გავცეთ სანდო პასუხი”, – თქვა მერცმა.