ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან უცხოელი აგენტები და სწორედ ამიტომ მოქმედებენ დაკვეთით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ
“რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან თანამედროვე ბოლშევიკები და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათი მეთოდებიც ძალიან ჰგავს იმ მეთოდებს, რომლებსაც ბოლშევიკები იყენებდნენ,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან უცხოელი აგენტები და სწორედ ამიტომ მოქმედებენ დაკვეთით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.
„ეს არის მტრული დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართ, სხვანაირი ახსნა ამას უბრალოდ არ აქვს. იცით, რომ დაახლოებით ერთი საუკუნის წინ, ეთნიკურად ქართველები ზუსტად ასევე უპირისპირდებოდნენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ეთნიკურად ქართველების ხელით მოხდა ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხელყოფა, ახლა ეს ადამიანები აგრძელებენ ზუსტად ამ საქმეს, სერგო ორჯონიკიძის საქმეს. ისინი არიან თანამედროვე ბოლშევიკები და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათი მეთოდებიც ძალიან ჰყავს იმ მეთოდებს, რომლებსაც ბოლშევიკები იყენებდნენ, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ფორმა, რაც დამახასიათებელი იყო ბოლშევიკებისთვის, იყო გაკულაკება და სანქციები არის გაკულაკების ერთგვარი მოდერნიზებული ფორმა. ესეც ზუსტად იგივე ხელწერაა, რასაც თავის დროზე აკეთებდნენ ბოლშევიკები, მერე აკეთებდნენ ფაშისტები. ზუსტად ამას აკეთებენ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მეთოდები არის იგივე და დამოკიდებულება არის იგივე, ისინი არიან უცხოელი აგენტები და სწორედ ამიტომ მოქმედებენ დაკვეთით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.