შალვა პაპუაშვილი: ყველა, ვინც გუშინ თავს ესხმოდა 9 აპრილის მონაწილეს, მოქალაქეებს, რომლებიც იქ მიდიოდნენ, თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა, რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს 1989 წლის 9 აპრილს
“ყველა ის ადამიანი, ვინც თავს ესხმოდა 9 აპრილის მონაწილეს, მოქალაქეებს, რომლებიც იქ მიდიოდნენ, თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა, რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს 1989 წლის 9 აპრილს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა 9 აპრილის მემორიალთან გუშინ განვითარებული პროცესების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, დაპირისპირებები ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით და გარე ძალებიდან წაქეზებით ხდება.
„რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა, რომ მივიდნენ და პატივი მიაგონ 9 აპრილის მსხვერპლებს, ეს არის „როდიონოვობა“. გუშინ ჩვენ ვნახეთ „როდიონოვები“ სხვადასხვა ტანისამოსში, სხვადასხვა სქესსა და ასაკში. ყველა ის ადამიანი, ვინც თავს ესხმოდა 9 აპრილის მონაწილეს, მოქალაქეებს, რომლებიც იქ მიდიოდნენ, თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა, რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს 1989 წლის 9 აპრილს. მაშინ გვჩეხავდნენ ნიჩბებით, ჩეხდავდნენ ჩვენი დამოუკიდებლობის იდეას ნიჩბებით, დღეს ჩეხენ სიტყვებით, ზიზღით და დაპირისპირებით, რაც პირდაპირ ხორციელდება ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით და გარე ძალებიდან წაქეზებით.
დღემდე არც ერთ იმ საელჩოს, რომელიც არის მთავარი დამფინანსებელი ასეთი ამაზრზენი აქტების განმახორციელებელი ორგანიზაციებისა, არ დაუგმია პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციელებისთვის ქვების სროლა, პოლიციელების დაწვის მცდელობა „მოლოტოვის კოქტეილებით“. მათ არ დაუგმიათ ფაშისტური კამპანიები, როდესაც არის მცდელობა ადამიანის დეჰუმანიზაციის, არ დაუგმიათ ზიზღის კამპანია, პროპაგანდა, ტყუილი, დეზინფორმაცია და ეს ყველაფერი ხორციელდება ევროპის სახელით ამ ორგანიზაციების მხრიდან. თუ არ გმობ ძალადობას, ესეიგი აქეზებ ძალადობას და თუკი აქეზებ, ესეიგი ხარ თანამონაწილე ამ ძალადობის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.