ნინო წილოსანი: 9 აპრილს ადამიანები შეეწირნენ დამოუკიდებლობის იდეას, თუმცა დღეს მემორიალი ოკუპირებული ჰქონდა პატარა ჯგუფს, ვინც ამ ქვეყანაში უცხო გავლენების დამკვიდრებისთვის იბრძვის
დღევანდელი დღე უმძიმესია თავისი დატვირთვით, შინაარსით, კიდევ ერთი მძიმე გასააზრებელი ფაქტი და რეალობაა, რომ 9 აპრილის მემორიალთან ყველა ადამიანს, ვისაც მისვლის სურვილი ჰქონდა, ხელი შეუშალეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„9 აპრილს ადამიანები შეეწირნენ დამოუკიდებლობის იდეას, თუმცა დღეს 9 აპრილის მემორიალი ოკუპირებული ჰქონდა პატარა ჯგუფს, ვინც ამ ქვეყანაში უცხო გავლენების დამკვიდრებისთვის და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაკნინებისთვის იბრძვის“, – აღნიშნა წილოსანმა.
მისი თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო, ამ ყველაფრისგან არ შეექმნა დღის წესრიგი, რომელიც ამ ადამიანებს სურთ და არ ყოფილიყო ეს ერთმანეთში განხეთქილების, დაპირისპირების, დაძაბულობის საწყისი, რაც იყო ძალიან რაციონალური და ძალიან სწორი გადაწყვეტილება.
„პრემიერ-მინისტრმა ძალიან ნათლად ახსნა, რომ დღევანდელ დღეს ისინი ემზადებოდნენ ყველანაირი პროვოკაციისთვის და ამისთვის შემზადებული იყო ფონიც, თემატიკაც და დაფინანსებაც მიღებული ჰქონდათ. პროვოკაციაა, როდესაც ადამიანებს და საზოგადოების რაღაც ნაწილს შორის აგდებ შუღლს და დაპირისპირებას, მათ შორის, იქ მისულ ადამიანებს უბრალოდ, აფურთხებ სახეში, აგდებ იქიდან, ამ სცენარის მიხედვით გინდა, გააგრძელო და მათ შორის, შენი ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან მოხვიდე დაპირისპირებაში. ეჭვი მაქვს, ეს არის სცენარი, რომლისთვისაც მათ საკმაოდ მსუყე დაფინანსება მიიღეს და ამ ყველაფერსაც აუცილებლად მოევლება, გამოაშკარავდება. ფაქტი, რომ ჩვენ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა შემოვიღეთ, როგორც ჩანს, არ არის საკმარისი, რათა ამ ადამიანების დაფინანსებას სათანადო სიცხადე მიეცეს. იმედი მაქვს, გრანტების კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც აუცილებლად იქნება, მეტ ნათელ მოფენს და რაც მთავარია, ისეთ მავნე გრანტებს აკრძალავს, რომელიც სწორედ რომ საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას, სიძულვილის დათესვას ემსახურება“, – განაცხადა წილოსანმა.