დავით მათიკაშვილი “ფაქტ ჩეკის” განცხადებაზე: თუ აინტერესებთ ტყუილი სად იყო, მიაკითხონ სააკაშვილის დროინდელი საგამოძიებო კომისიის საქმიანობას, მიაკითხონ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ საკუთარი დანაშაულების მიჩქმალვის მცდელობას და სიმართლეს ყველამ გაუსწოროს თვალი
“ქართული ოცნების” დეპუტატი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, “ფაქტ ჩეკის” მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ნათქვამი იმის შესახებ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში სააკაშვილმა ცეცხლის გახსნის ბრძანება გახსნა, შეფასებულია როგორც ტყუილი.
მათიკაშვილის განცხადებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია კიდევ ერთხელ ნათლად ახსენებს ყველას იმ გარემოებებს, რაც საზოგადოებას ისედაც კარგად ახსოვს და ის, რაც კომისიაზე ითქვა, ჰაიდი ტალიავინის დასკვნაშიც წერია.
შესაბამისად, დავით მათიკაშვილის თქმით, თუ “ფაქტ ჩეკი” დაინტერესებულია, სად იყო ტყუილი, მათ სააკაშვილის დროს შექმნილ საგამოძიებო კომისიას და “ნაციონალური მოძრაობას” უნდა მიაკითხონ, რომელიც საკუთარი დანაშაულების დამალვას ცდილობს.
“დროებითი საგამოძიებო კომისია ძალიან აქტიურად მუშაობს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ, ნათლად წარუდგენს იმ უმძიმეს ფაქტებს და მოვლენებს, რომელიც ხდებოდა 2012 წლამდე, განსაკუთრებით ეს ეხება 2008 წლის მოვლენებს, იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. არა მხოლოდ საგამოძიებო კომისიის დასკვნებსა და ანგარიშებში, არამედ, მეტსაც გეტყვით – ევროკავშირის შესაბამისი კომისიის რომელიც 2008 წლის მოვლენებს იკვლევდა, “ტალიავინის დასკვნა”, კარგად ახსოვს საქართველოს და ფაქტობრივად, სიტყვასიტყვით იმეორებს იმას, რაც საგამოძიებო კომისიაში იქნა თქმული რომ დიახ, ეს სამწუხარო მოვლენა იყო სწორედ დამნაშავე ყოფილი პრეზიდენტის ბრძანებით განხორციელებული. თუ აინტერესებთ მართლაც ტყუილი სად იყო, მიაკითხონ სააკაშვილის დროინდელ საგამოძიებო კომისიის საქმიანობას, მიაკითხონ “ნაციონალური მოძრაობის” საკუთარი დანაშაულების მიჩქმალვისა და დამალვის მცდელობას და სიმართლეს ყველამ გაუსწოროს თვალი, მათ შორის, ბუნებრივია, მამუკა მდინარაძის ნათქვამში არსებულ სიმართლეს.” – განაცხადა მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.