ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა, 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯუმბერ კურტანიძემ, საკრებულოს დეპუტატებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დეკანოზმა იოანემ (ხეცურიანი) დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომლის დასრულების შემდეგ, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ადგილზე ღონისძიება გაიმართა.
არბოლიშვილის თქმით, ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
,, 36 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული აქცია, მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევით დასრულდა, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით ადამიანი კი დაშავდა. 9 აპრილი, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ,”- განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.