მაია ბითაძე – მალტის პარლამენტის თავმჯდომარისგან ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მივიღეთ
„მალტის პარლამენტის თავმჯდომარისგან ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მივიღეთ. მალტა ევროკავშირის წევრია, თუმცა ამავე დროს, ნეიტრალური სახელმწიფოა. მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა მშვიდობის მნიშვნელობას, სადაც საქართველოს სუვერენიტეტი დაცულია,“ – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მალტა მაისიდან ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტი ქვეყანა ხდება და საქართველოს, მალტის სახით, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დიდი მხარდამჭერი ჰყავს.
„მიუხედავად იმისა, რომ მალტა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა, მათმა წარმომადგენლებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ისინი ნათლად ხედავენ, საქართველო მზად არის ევროკავშირის წევრობისთვის. საქართველოში ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს ძალიან პოზიტიურად აფასებენ, რაც ევროკავშირის წევრობისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. მალტა მაისიდან ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტი ხდება და ჩვენ, მალტის სახით, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთი ძალიან დიდი მხარდამჭერი გვყავს. ვფიქრობთ, სამომავლო თანამშრომლობა, მათ შორის ის ხაზი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ იქნება განხილული მთელ მსოფლიოში, მალტისთვის, ისევე როგორც საქართველოსთვის, როგორც პატარა სახელმწიფოსთვის, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მაია ბითაძემ.