“მნიშვნელოვანია მისაღები გრანტის თაობაზე მთავრობის თანხმობის წესის დამკვიდრება, რათა გარე ძალებმა ვერ შეძლონ, დააფინანსონ ძალადობრივი აქციები” – კირცხალია

“ვინაიდან გრანტი თავისი ბუნებით, გრანტის მიმღებისათვის განსაზღვრული მიზნით უსასყიდლოდ გადაცემული სახსრებია, სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით მნიშვნელოვანია, მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობის წესის დამკვიდრება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველმა გუნდმა დააინიცირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, დარეგულირდება უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესი.

“საქართველოს კანონმდებლობა გრანტის გამცემ სუბიექტთა ფართო წრეს ითვალისწინებს, მათ შორის, უცხო ქვეყნის ხელისუფლებასა და მის წარმომადგენლობებს, აგრეთვე საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. ამასთანავე, ვინაიდან გრანტი, თავისი ბუნებით, გრანტის მიმღებისათვის განსაზღვრული მიზნით უსასყიდლოდ გადაცემული სახსრებია, სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით მნიშვნელოვანია, მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობის წესის დამკვიდრება, რათა გარე ძალებმა ვერ შეძლონ ჩვენს ქვეყანაში დააფინანსონ მოლოტოვის კოქტეილების სროლის რომანტიზების კამპანიები, ძალადობრივი აქციები თუ სხვა დესტრუქციული ქმედებები, რაც მრავლად იხილა საზოგადოებამ, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ და არა მხოლოდ, რომელთა მიზანი ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა და ხელისუფლების სათავეში „დიფსთეითის“ აგენტურის მობრუნებაა. წარმოდგენილი ცვლილებით: უცხოური წყაროსგან მისაღები გრანტთან დაკავშირებით სავალდებულო გახდება საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობა. გრანტის მიღების მონიტორინგს უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო“, – განაცხადა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები