“თბილისის მერიის პროფესიული გადამზადების პროგრამაზე იმდენად მაღალი მომართვა იყო, რომ კონკურსის ყველა მიმართულებაზე გასაუბრების ჩატარება დაგვჭირდა”- მათე ტაკიძე
პროფესიულ კოლეჯ “სპექტრის” დირექტორის, მათე ტაკიძის განცხადებით, თბილისის მერიის
პროფესიული გადამზადების პროგრამაზე – „ისწავლე და დასაქმდი” იმდენად მაღალი მიმართვა დაფიქსირდა, რომ ყველა მიმართულებაზე, ძალიან დიდი კონკურსი იყო. პროგრამაზე რეგისტრაციის შედეგები ტაკიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა.
მისი თქმით, კონკურსებში, აბსოლუტურად ყველა მიმართულებაზე გასაუბრების ჩატარება გახდა საჭირო.
“პროფესიული მიმართულების კურსებზე, თბილისის მერიის პროგრამაზე “ისწავლე და დასაქმდი” უახლოესი პერიოდის უკან რეგისტრაცია დამთავრდა. ეს ძალიან საინტერესო პროგრამა გახლავთ. უკვე წლებია, მერიის პროგრამასთან ვთანამშრომლობთ, ასეულობით ადამიანია, რომელმაც კონკრეტული კურსები დაამთავრა, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები წარმატებით გაიარა, ბევრი მათგანი წარმატებითაა დასაქმებული. დასაქმების მაჩვენებელი დაახლოებით 70-80%-ია, როგორც სამშენებლო ინჟინერიაში, ასევე სხვა მიმართულებებში, რომელსაც თბილისში, გარდა კოლეჯ “სპექტრისა”, ასევე სხვა კოლეჯები ანხორციელებენ. ვფიქრობ, ანალოგიური პროგრამა ხელს უწყობს ადამიანების კეთილდღეობას, სხვადასხვა საქმიანობაში მათ ჩართულობას, კარიერის შექმნას. რაც შეეხება კონკრეტულად ამ პროგრამასთან დაკავშირებით მომართვას- ის იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ ყველა მიმართულებაზე, რომელიც გამოვაცხადეთ, ძალიან დიდი კონკურსი იყო. ამ კონკურსებში აბსოლუტურად ყველა მიმართულებაზე გასაუბრების ჩატარება დაგვჭირდა. ვფიქრობ, საშემოდგომო მიღებაზე, რომელსაც თბილისის მერიასთან ერთად ვგეგმავთ, ანალოგიური მოთხოვნა გვექნება იმ მიმართულებებთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ იქნება დამატებული. რაც შეეხება ბიზნესის ჩართულობას, აქ ორი საინტერესო თემაა, ერთია პროფესიული კოლეჯები, მათი ავტორიზებული პროგრამები და მეორეა ბიზნესის ჩართულობა. ბიზნესის მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, ითხოვენ მოკლევადიან კურსებს, კონკრეტული მოდულის განხორციელებას, ადამიანების მომზადება – გადამზადებას, შემდგომ ამ ადამიანების მათ ბიზნესში, კომპანიებში ჩართულობას. დიდი მომართვაც ამიტომ იყო. მინდა ის მოქალაქეები დავამშვიდო, რომლებმაც კონკურსზე პირველი ეტაპი ვერ გადალახეს, საშემოდგომო მიღებაზე გავითვალისწინებთ ყველას მოთხოვნა, სურვილს, რომ ჩაირიცხონ.
როგორც ბიზნესს, ასევე მოქალაქეებს არა გრძელვადიანი, არამედ მოკლევადიანი კურსები სჭირდებათ, სადაც შეეძლებათ, ერთ კონკრეტულ მოდულში გადაემზადონ, კონკრეტული პროფესია მიიღონ. ეს ბოლო წლებში იმდენად აპრობირებული მოდელი გახდა, რომ ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. ვფიქრობ, ალბათ, თბილისის მერიასთან ერთად ვიმსჯელებთ, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ადგილი გამოვყოთ. ჩვენ რომ ახლა საშუალება გვქონოდა, მეტი ადამიანი მიგვეღო, იმდენად დიდი მომართა იყო, შეგვეძლო, თითო კონკრეტულ პოზიციაზე არა 15, არამედ 30, 45 ადამიანიც კი მიგვეღო. ამიტომ მადლობა ამ პროგრამისთვის. ვფიქრობ, როგორც პროფესიული განათლება, ისე თბილისის მერიის ეს თანამშრომლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეულ თბილისელს განვითარებასა და ჩამოყალიბებაში ხელს შევუწყობთ. მომავალში ამ პროგრამების გამრავალფეროვნების საშუალება
კიდევ უფრო მეტად გვექნება”- განაცხადა მათე ტაკიძემ.
ცნობისთვის, პროგრამაზე რეგისტრაცია 31 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. სწავლას სახელმწიფო აფინანსებს.
სწავლის ხანგრძლივობა 1.5-დან 2 თვემდეა. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს, რომელთა იურიდიული მისამართებიც თბილისშია რეგისტრირებული.