დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად დეზორგანიზებულია, ერთმანეთში ეძებენ დამნაშავეებს
“დღეს საქართველოში რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად დეზორგანიზებულია, ერთმანეთში ეძებენ დამნაშავეებს. ვიღაცას გაერთიანება სურს, ვიღაცას არ სურს, რომ ერთად გამოვიდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია დაბალი რეიტინგის გამო არჩევნებს უფრთხის.
„მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება პოლიტიკურმა პარტიამ უარი თქვას არჩევნებზე, ერთია, რომ ეშინია იმის, რომ კიდევ ერთხელ საზოგადოება ამ რადიკალურ, ექსტრემისტულ დაჯგუფებებს უნდობლობას განუცხადებს. ამ ზღვარს ქვემოთ დაშვებული სარეიტინგო მონაცემის გამო ისინი არჩევნებს უფრთხიან. მეორე მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ რადიკალები, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით და სურვილით არ მოქმედებენ, თავიდან ბოლომდე ისინი დამოკიდებული არიან, რა დავალებას მისცემენ ქვეყნის ფარგლებს გარედან, რა კონკრეტული ქცევის წესი ექნებათ შემოთავაზებული დავალების მიმცემ აგენტურას და ისე მოიქცევიან. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ „დიფ სთეითმა“ USAID-ი და NED-ი ჩაანაცვლა, ევროპიდან მოახდინა გარკვეული თანხებით ამ ფონდების შევსება, რომელიც თითქოს, არჩევნებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, არის განკუთვნილი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ცალკეულ რადიკალურ ჯგუფებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების გარკვეული სურვილები აქვთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.