შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის საგრანტო კონკურსზე: მაქვს დიდი ეჭვი, რომ ეს არის კორუფციული გრანტი
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოში მუნიციპალური არჩევნების წინ საგრანტო კონკურსის გამოცხადებას გამოეხმაურა.
“ემსახურება ზუსტად იგივე მიზნებს, რასაც ემსახურებოდა მანამდე ამერიკული დაფინანსება, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატების ახალი ადმინისტრაციის მხილებითვე იყო თანხები, რომელიც იხარჯებოდა სხვა ქვეყნების ასარევად, ხელისუფლებების ცვლილებისთვის, დესტაბილიზაციისთვის.
ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა ეს მავნე პრაქტიკა და ჩარევა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში, შეწყვიტა ეს დაფინანსება, მაგრამ ხედავთ, რომ როდესაც სიცარიელე იქმნება, იქ სხვა ძალები ყოველთვის ცდილობენ ამის შევსებას. ახლა არის მცდელობა, რომ შეავსონ გარკვეული ვაკუუმი, ჩაანაცვლონ ამერიკული ფონდები და რასაც ადრე აკეთებდნენ ამერიკული ფონდების მარჯვენა ხელით, ახლა მარცხენა ხელით გააკეთონ ბრიტანული თუ სხვა ევროპული ფონდებით.
მე მაქვს დიდი ეჭვი, რომ ეს არის კორუფციული გრანტი და გამოცხადებულია თითქოს ეს არის თავისუფალი კონკურსი. ყველა ძალიან კარგად ვხვდებით საბოლოო ჯამში ვის მისცემენ ამ ფულს. მე მაქვს ეჭვი, რომ ეს წინასწარ უკვე ცნობილია, რომ ეს თანხები უნდა მისცენ ISFED-ს და მსგავს მილიონერ ორგანიზაციებს. ესეც არის თვალთმაქცობა და კორუფცია, როდესაც უკვე წინასწარ ცნობილია შედეგი და თითქოს რაღაც ღია კონკურენტული კონკურსი ცხადდება. ასე უნდათ, რომ მოატყუონ ქართული და ბრიტანელი საზოგადოება, როდესაც წინასწარ ცნობილი შედეგი აქვთ და თავის გადასახადის გადამხდელებს უფორმებენ ისე თითქოს კონკურსით გაიმარჯვებს. ეს კლოუნადა რომ იდგმება ასე უსირცხვილოდ, ესეც აჩვენებს, რომ ასეთი საქმიდან კეთილი ნაყოფი არასდროს არ იქნება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოში მუნიციპალური არჩევნების წინ საგრანტო პროგრამას აცხადებს, რათა „ხელი შეუწყოს 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საქართველოს მუნიციპალური არჩევნების ეფექტურად ჩატარებას“.